გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ის, რომ ნამდვილი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია ჩატარებულიყო, გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო ვერ მოხერხდა

25-10-2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველო მნიშვნელოვან დემოკრატიულ ტესტს აბარებს.

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს. ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. საქართველო ამ არჩევნებით კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიის ტესტს ჩაატარებს და მჯერა, რომ ყველა ერთად, თითოეული მოქალაქე ამ ტესტს ჩავაბარებთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყნას ეკადრება და ბუნებრივია, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულიყო.

თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ ჰქონოდა ნამდვილი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო ვერ მოხერხდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ დისონანსი შეიტანოს. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო. შესაბამისად, გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული"-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებული აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს წესრიგი, რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

"მინდა, ასევე მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები. პირადად მე ვთხოვე რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და მინდა, მათ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო. იცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოდის. მიუხედავად იმისა, რომ კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი რეგულაციები, ჩემი ინიციატივით მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ კიდევ ერთხელ გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროში მუშაობის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს განიხილავს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031