გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველოლოგიის მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

12-12-2024

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი ქართველოლოგიის მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (ბელგია) თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი № MG-ISE-23-2229).     

 

პროექტის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის და მნიშვნელობის აქცენტირება, კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელება. ასევე, ქართულ ხელნაწერთა კვლევის საქმეში სასარგებლო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა. საზაფხულო სკოლა წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა თაობების მიერ აკუმულირებული ცოდნის გადაცემის ეფექტურ საშუალებას.

 

პროექტი კომპლექსურია და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

  • სკოლის მონაწილეთა შერჩევა, რომლებიც უცხოეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს წარმოადგენენ;

შერჩევა განხორციელდა კონკურსის საფუძველზე, წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების კოლეგიური განხილვის შედეგად;

  • სკოლის 10 - დღიანი აკადემიური პროგრამა, რომლის ფარგლებში მსმენელებმა მოისმინეს 30-ზე მეტი ლექცია, მათ შორის - 3 გასვლითი ლექცია, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ბოლნისის სიონი, ატენის ეკლესია, ჯვრის ეკლესია და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი), მიიღეს მონაწილეობა ინტერაქტიულ პროგრამაში „როგორ ვიცავთ ხელნაწერ მემკვიდრეობას?“, სამ ვორქშოფში (1. კალიგრაფიის ვორქშოფი - შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში (6 სესია); 2) ქაღალდის დამზადების ვოქრშოფი (3 სესია); 3) დაზიანებული ფურქცლის რესტავრაცია); დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათ გამოცემათა კაბინეტი, მუდმივმოქმედი გამოფება „ქართული ხელნაწერი“;
  • სკოლის თემატური პანელი (ახალი კომპონენტი). 2024 წელს თემატური პანელი მიეძღვნა საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და გემოლოგიურ-მინერალოგიური) ცოდნის შემცველ ხელნაწერებს;
  • სკოლის ფარგლებში შემქნილი რესურსები. მომზადდა სამი მნიშვნელოვანი ელექტრონული ვიდეორესურსი:
  • ძველი ქართული ენის პრაქტიკული კურსი
  • განხორციელდა ლექციების სრული ან ფრაგმენტების სახით ჩაწერა ( სკოლის პლატფორმაზე განთავსებით);
  • განხორციელდა ქაღალდის დამზადების და რესტავრაციის ვორქშოფების ფრაგმენტების ჩაწერა (სკოლის პლატფორმაზე განთავსებით);

აღნიშნული ელექტრონული მასალა „საზაფხულო სკოლის მასალების კრებულთან“ ერთად შექმნის მნიშვნელოვან თანამედროვე სასწავლო რესურსს ქართველოლოგიური კვლევების  საუნივერსიტეტო სასწავლო კურსებისთვის, ასევე, ეს იქნება მნიშვნელოვანი რესურსი ბიზანტინოლოგიური კვლევებისთვისაც, რომელთა სრულყოფილი წარმართვაც ქართული მასალის გარეშე შეუძლებელია.

 

სკოლა განხორციელდა 2024 წლის 17-26 ივლისს, სკოლის მუშაობა მიმდინარეობდა  ქართულ და ინგლისურ ენებზე. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანით. სკოლის ბოლო დღე (26 ივლისი) დაეთმო მსმენელთა საკუთარი კვლევების პრეზენტაციებს, შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სკოლის აკადემიური პროგრამის შესახებ


მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის “ქართული ხელნაწერი“ პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, სტრუქტურულად შედგება ექვსი სასწავლო მოდულისგან, რომელთა შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა სფეროს, ასევე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. მოდულების ფარგლებში შედგა 30-ზე მეტი ლექცია, მათ შორის, სამი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი და ბოლნისის სიონი, ატენის სიონი, ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი.


მნიშვნელოვანია, რომ ლექციების გარდა ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები - ვორქშოფებისა და სიმულაციური თამაშების სახით. მოდულის „ქართული დამწერლობა“ ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის ვორქშოფი (6სთ): მსმენელები გაეცნენ ქართულ ანბანს, მის სამივე სახეს - მრგლოვანს, ანუ ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს,  ბგერათსისტემას, ხელნაწერი ტექსტის სპეციფიკას, გარკვეულ კოდიკოლოგიურ თავსებურებებს: მოდულის „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ სასწავლო გეგმა მოიცავდა დიგიტალიზაციის ლაბორატორიის დათვალიერებასა და „დაზიანებული ფურცლის რესტავრაციის“ ვორქშოფს, მოდული „ქართული ხელნწერი“ -  ქაღალდის დამზადების ვორქშოფს. სკოლის პროგრამა ითვალისწინებდა საპრეზენტაციო სესიასაც, რომელზეც მოხსენებებით საკუთარი კვლევების შედეგების შესახებ წარსდგნენ სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები. საპრეზენტაციო სესიას უძღვებოდა დოქტ. ემილიო ბონფილიო, საზაფხულო სკოლისქართული ხელნაწერი“ 2016 წლის კურსდამთავრებული, ამჟამად ჰამბურგის უნივერსიტეტის, ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის ცენტრის მკვლევარი; შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სკოლის აკადემიური პერსონალის შესახებ


მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის “ქართული ხელნაწერი“ ფარგლებში სკოლის მსმენელებს სააკუთარი კვლევის შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარეს ქართველოლოგიის დარგში ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, ასევე, უცხოელმა მკვლევრებმა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის აკადემიური პერსონალის ბირთვს შეადგენენ   ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები, სკოლის ლექტორების შემადგენლობაში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა სამი თაობა, რაც წლების განმავლობაში ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევაში დაგროვილი ცოდნის უწყვეტობის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს.

 

სკოლის  მონაწილეებისა და დასწრების ფორმატის შესახებ


სკოლის სასწავლო პროგრამამ ტრადიციულად დიდი ინტერესი გამოიწვია. შემოვიდა 70-ზე მეტი სააპლიკაციო ფორმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  -საქართველო, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი,  სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი, შვეიცარია, და სხვ.


განხორციელდა კანდიდატების შერჩევა გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად: კანდიდატის სამეცნიერო პროფილი, სკოლაში მონაწილეობის მოტივაცია, კანდიდატის პრეზენტაციის თემის აქტუალობა, რელევანტურობა, სიახლე, კონტექსტი; სკოლის დასრულების შემდეგ კონტაქტების გაგრძელების პერსპექტივა. აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეულ იქნა პროექტით გათვალისწინებული 12 აპლიკანტი, რომელთაც შერჩევის შედეგები დადგენილ ვადებში ეცნობათ.


სკოლა ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში. ძირითადად, საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები და უცხოელი მსმენელები სკოლის მუშაობაში ჩაერთვნენ ფიზიკური დასწრების რეჟიმში.

 

პროექტის შედეგები: ბეჭდვითი და ელექტრონული პროდუქცია


სკოლის ფარგლებში დაიბეჭდა სკოლის აკადემიური პროგრამა, ელექტრონულად გამოიცა  სკოლის ლექციების მასალების კრებული, რომელშიც სასწავლო მასალა წარმოდგენილია ლექციების ვრცელი ორენოვანი ანოტაციების სახით, ანოტაციებს ახლავს ილუსტრაციები და საკითხთან დაკავშირებული ძირითადი ლიტერატურის ჩამონათვალი. კრებულში მოცემულია ინფორმაცია ლექტორების შესახებ Who is Who ფორმატში, სამეცნიერო ინტერესების მითითებით. სკოლის ლექციების მასალების კრებული ელექტრონული სახით ხელმისაწვდომია ცენტრის ვებგვერდზე, წარმოდგენილია CD დისკზე.


მომზადდა ძველი ქართული ენის პრაქტიკული  კურსი (5 მეცადინეობა), რომელიც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი ქართული ხელნაწერით დაინტერესებული მკვლევართათვის.


პროექტის ფარგლებში მომზადდა საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა el-Manuscript (წვდომა: https://elearning.manuscript.ge), რომელზეც ამ ეტაპზე წარმოდგენილია სკოლის მიმდინარეობისას ჩაწერილი ლექციები ან მათი ფრაგმენტები, აკადემიური პროგრამის მოდულების მიხედვით. ამ ეტაპზე პლატფორმა el-Manuscript ხელმისაწვდომია მხოლოდ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ცენტრის სკოლების მუშაობაში 2011 – 2024წწ. ჩვენ ვმუშაობთ, რათა პლატფორმა  ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირისთვის, რასაკვირველია, რეგისტრაციის საფუძველზე.


აღნიშნული ელექტრონული მასალა წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება საუნივერსიტეტო სივრცეში, ქართველოლოგიური კვლევების სასწავლო კურსების ფარგლებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031