გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა

26-12-2024

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.


ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.


დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და 2021-2022 წლების პერიოდში, დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.


შემდგომში კი, ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, დაკავებულებმა თავის, ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.


მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაყადაღებული იქნა ბრალდებულების დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ძვირადღირებული ქონებები და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები.


დაკავებულებს ბრალდება თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031