26-10-2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პოლიციამ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაზა სარალიძე ჯოხით პოლიციის თანამშრომლებს დაესხა თავს.
„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ თავს დაესხა. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი“- ნათქვამია შს სამინსიტროს განცხადებაში.
ზაზა სარალიძის დედის განცხადებით, პარლამენტთან მისი შვილის ნაცვლად თავად ივლის.
“ზაზამ მითხრა, დედა არ წამოხვიდე, შენ იქ ვერ გაუძლებო, მაგრამ მე მაინც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. დაკავების მიზეზი არ ვიცი. მე აქციას ვუერთდები. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები, მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს. მე ბევრჯერ
მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს.
ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა ისე, რომ მთელი ღამე და მთელი დღე პარლამენტთან 24-საათიანი მორიგეობა ჩაეტარებინა, ამიტომ მოდიოდა სახლში, 2-3 საათი ისვენებდა და მერე უკან ბრუნდებოდა. მეც სულ აქ ვიქნები, მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვივლი,“ - განაცხადა ზარალიძის დედამ.