8-01-2025
„წლის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და სოლიდური ზრდა გვაქვს სავალუტო რეზერვებში“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ბოლო სტატისტიკური მონაცემების შეფასებებისას, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ სავალუტო ბაზარზე არაფუნდამენტური ფაქტორებისაგან გამოწვეული ჭარბი მერყეობის განეიტრალების მიზნით, სებ-ს პერიოდულად უწევს რეზერვების დახარჯვა, მაგრამ პირველი შესაძლებლობისთანავე ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად.
„გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს, რომ წლის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და სოლიდური ზრდა გვაქვს სავალუტო რეზერვებში. ეს არის რამდენიმე ფაქტორის დამსახურება. პირველი - ეს არის ჩვენს მიერ ნოემბერ-დეკემბერში საკმაო რაოდენობის დოლარის შეძენა ბაზარზე და ამის შესაძლებლობას ჩვენ ეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორში თვიდან-თვემდე იზრდება დეპიზოზიტები როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ლარში. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, სავალდებულო ნორმის ზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მთლიანი მოცულობის ზრდაში, რომელიც ჩვენ გვაქვს სახეზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა რეზერვების დივერსიფიცირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასის ზრდის შედეგად, გასულ წელს შეძენილი მონეტარული ოქრო ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაში 100 მილიონ დოლარამდე მატებას აჩვენებს.
„ყოველივე ამან ერთობლიობაში მოგვცა საშუალება ნოემბრიდან მოყოლებული სერიოზულად გაგვეზარდა საერთაშორისო რეზერვების მოცულობა. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ვფიქრობთ, რომ რეზერვები კვლავაც განაგრძობს აღმავალ ტრაექტორიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 თებერვალს გამოაქვეყნებს.