გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობებში დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს

13-01-2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა გადაცემაში "იმედი LIVE".
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან შეცვალა თანამშრომლობის დინამიკა.


"ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები იქცნენ ნომერ პირველ კრიტიკოსებად და შეიძლება ითქვას, მედროშეებად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და ზეწოლის განხორციელების კუთხით. ამ შემთხვევაში, მე საუბარი მაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე.


რა არის მათი ამგვარი ქმედების საფუძველი, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე ამას ვუკავშირებ გაზრდილ უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, დიდ რეგიონს - ევროპას ვგულისხმობ.


ფაქტია, რომ გარკვეული შიშები არსებობს და შიშებით თუ ავხსნით იმ გამძაფრებულ რეაქციებს, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებს ჩვენს ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანას," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული ცვლილებებით საქართველოც მნიშვნელოვან გაკვეთილს იღებს, რაც სამომავლოდ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სასარგებლო იქნება.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მოცემულობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არასახარბიელოა.


"დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა. არავის არ მოგვწონს ის მდგომარეობა, რომელშიც არის საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები. თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გვესმის, ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს," - განაცხადა მინისტრმა.


მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია გრძელდება დიპლომატიური არხების საშუალებით.


"ჩვენ სულ ვამბობთ, რომ თანამშრომლობა უნდა გადავიდეს იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ნორმალურ პირობებში ხდება ურთიერთობების განვითარება. ეს არის საჭირო. თუ რაიმე არის სათქმელი, უნდა ითქვას, თუმცა ამას აქვს გარკვეული ფორმები.


მაშინ, როდესაც ხდება ისეთი განცხადებების კეთება, საკმაოდ შეურაცხმყოფელის, რისი მოსმენაც ჩვენ გვიწევს, შემდეგ რეზოლუციების წერა, ძალიან რთულია ეს ყველაფერი დააბრუნო მაგიდასთან და სერიოზულად ისაუბრო, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ"- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ ეს კომუნიკაცია და საუბარი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამის გარეშე ურთიერთობების განვითარება ვერ მოხერხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031