გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: აზერბაიჯანი ჩვენი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია - თანამშრომლობის ყველა მიმართულებით დადებითი დინამიკა გვაქვს

17-01-2025

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით ბაქოში გაიმართა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის - ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები.


„აზერბაიჯანი ჩვენი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მეტი მიმართულებით გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობა - ეს ეხება არამხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს. სავაჭრო ურთიერთობების კუთხით კი აზერბაიჯანი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში შედის, ჩვენ არაერთი მიმართულებით გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. დღეს კი ეკონომიკური სხდომის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებსა და იმ შედეგებზე, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში გვქონდა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა მიმართულებით საქართველოს და აზერბაიჯანს დადებითი დინამიკა აქვთ. მისი ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე აქცენტი გაკეთდა მნიშვნელოვან საერთო ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც ზრდის და ოპტიმიზაციის კუთხით დიდი პერსპექტივა აქვთ. მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას განახლებადი ენერგიების მიმართულებით.


„ჩვენ ერთობლივად ვმონაწილეობთ განახლებადი ენერგეტიკული ე.წ. მწვანე სამხრეთ კავკასიური დერეფნის მშენებლობაში - ეს ახალი სტრატეგიული, მრავალწლიანი თანამშრომლობის მიმართულებაა, სადაც ასევე გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი და ზრდა, ამ საკითხზეც დეტალურად ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებითაც და საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც დიდი პოტენციალი აქვს, რომ გადაიქცეს რეალურ ციფრულ ჰაბად და ეს დაეხმაროს არამხოლოდ ეკონომიკის ამ კონკრეტული მიმართულების განვითარებას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ციფრულ ტრანსფორმაციას, განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ზრდასაც", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მთავრობათაშორისი კომისიის წევრებმა იმსჯელეს - ინვესტიციებია. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პირდაპირი ინვესტიციების კუთხით აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში თითქმის 3 მლრდ აშშ დოლარია განხორციელებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.


„ინვესტიციები დივერსიფიცირებულია სხვადასხვა სფეროში. კომისიის ფარგლებში ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეხეთ კონკრეტულ პროექტებს, სადაც გვაქვს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, შეიძლება ერთობლივი საწარმოების გაკეთება და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031