გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს: რომელი ახალი საზოგადოების დაბადებას გულისხმობთ? იქნებ მიგვითითოთ, კონსტიტუციის ფარგლებში, რომელი მუხლები განსაზღვრავენ იმ ვანდალური აქტების განხორციელების უფლებას, რომლის მოწმენი გავხდით

17-01-2025

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს მის საშობაო გზავნილთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს.


ხაინდრავა წერილში ციტირებს მიტროპოლიტის სიტყვებს საშობაო სიტყვიდან და აღნიშნავს, საინტერესოა, რომელი ახალი საზოგადოების დაბადებას გულისხმობს მღვდელმთავარი - „იმ საზოგადოების, რუსთაველის გამზირზე, მჩხიბავების მიერ ნემსებით დაჩხვლეტილი ცოცხალი ადამიანის ფიტულის, უფლის გამოსახულებით შემკულ კუბოში, საშობაო ნაძვის ხის ქვეშ დაწვას აღტაცებული ტაშით რომ ეგებება?! თუ იმ, ჩვენ თვალწინ დაბადებული ახალი საზოგადოების, შობის კვირაში, ქაშვეთის ეკლესიის წინ, ქალის ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილი წვერებიანი მამაკაცის თავდავიწყებული როკვით რომ ერთობა?!“


გიგა ხაინდრავა მიტროპოლიტს თხოვნით მიმართავს, გაარკვიოს საზოგადოება, როგორ მიაჩნია ახალი საზოგადოების დაბადების პროცესში, ვის მიერ და რა შემთხვევაში იყო „უგულველყოფილი ქრისტიანული მრწამსის პრინციპები“?

„ღია წერილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს

„არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“


ათი მცნება. ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით წავაწყდი საჯარო განცხადებას, შემდეგი წინათქმით:

„მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქეები ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებების და უკეთესი მომავლისთვის“. ინფორმაციის წყარო - „მთავარი არხი“ (6 იანვარი 2025წ. 22:44). არ შევაჩერებდი ყურადღებას, რომ არა ერთი გარემოება. აღმოჩნდა, რომ ეს არის ამონარიდი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის საშობაო მილოცვიდან. როდესაც ვკითხულობდი ამ მილოცვას, ჩემდა უნებურად გონებაში ამომიტივტივდა მეცხრე მცნება, რომელიც ამ წერილის სათაურში მაქვს გამოტანილი. მიტროპოლიტო გრიგოლ! თქვენს „საშობაო მილოცვა“-ში ბრძანებთ: „დღეს საქართველოში ჩვენ თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება“. საინტერესოა, რომელი ახალი საზოგადოების დაბადებას გულისხმობთ მღვდელმთავარო?


იმ საზოგადოების, რუსთაველის გამზირზე, მჩხიბავების მიერ ნემსებით დაჩხვლეტილი ცოცხალი ადამიანის ფიტულის, უფლის გამოსახულებით შემკულ კუბოში, საშობაო ნაძვის ხის ქვეშ დაწვას აღტაცებული ტაშით რომ ეგებება?! თუ იმ, ჩვენ თვალწინ დაბადებული ახალი საზოგადოების, შობის კვირაში, ქაშვეთის ეკლესიის წინ, ქალის ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილი წვერებიანი მამაკაცის თავდავიწყებული როკვით, რომ ერთობა?! თუ იმ ყმაწვილი ქალების გუნდს გულისხმობთ ახალ დაბადებულ საზოგადოებაში, უშვერი ბილწსიტყვაობით გაჯერებულ სიმღერას რომ გაკივიან სახალხოდ ქუჩებში, შობის მარხვაში, და ამით იწონებენ თავს?! ან იქნებ იმ ახალ დაბადებულ საზოგადოებას, უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლანძღვა-გინებისას დუჟი რომ ადგათ პირზე?! თუ იმ, ლგბტ ატრიბუტიკაში გახვეულ ახალ დაბადებულ საზოგადოებას გულისხმობთ, ევროპელ მამათმავალ პოლიტიკოს-პროპაგანდისტებს, ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებზე ოვაციებს რომ უწყობენ?! იმათ ხომ არა, მღვდელმთავარო გრიგოლ, რესტორნებში და სასტუმროებში, სტუმრებს კერძების შარდით და ნერწყვით შეკაზმვას რომ უქადიან?! სხვა, მშობიარობის ჭინთვები, ახალი საზოგადოების დაბადების პროცესის მანიშნებელი, ანდა მშობიარეთა გულშემატკივრების თავყრილობები, თბილისის ქუჩებში თუ სრულიად საქართველოში არ შეიმჩნევა! იქნებ თქვენს ეპარქიაში ხდება რაიმე განსხვავებული და ჩვენ ეს გამოგვრჩა?


„მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი მოქალაქეობრივი უფლებების და უკეთესი მომავლისთვის...“- ბრძანებთ თქვენს საშობაო მილოცვაში მიტროპოლიტო გრიგოლ. საინტერესოა, თქვენთან ერთად კიდევ ვის მიაჩნია, (მილოცვაში მრავლობით პირში ბრძანებთ, იმიტომ ვკითხულობ) რომ „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის, ქვების, ნავთით, წყლით და ქვიშით სავსე ბოთლების პოლიციელებისთვის მიზანმიმართულად სროლა, მათ მიმართ ძალადობა, მათი ცოცხლად დაწვის მცდელობა და დასახიჩრება! პარლამენტის შენობის შტურმი! სახელმწიფო და კერძო ქონების განადგურება, ქუჩებში მანქანების დაწვა და თბილისის ცენტრალური გამზირის გავერანება! დაშვებულია კონსტიტუციის ფარგლებში და მოქალაქეობრივი უფლებებისთვის და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ნიშნავს! ქართველი პოლიციელები კი, ქვეყნის მოქალაქეების კატეგორიას არ განეკუთვნებიან?! იქნებ, თქვენ, მღვდელმთავარო, ან იმ ადამიანებმა, ვისაც ერთნაირად მიგაჩნიათ, მიგვითითოთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, კონკრეტულად რომელი მუხლები გულისხმობენ და განსაზღვრავენ, იმ ვანდალური აქტების განხორციელების უფლებას, რომლის მოწმენი გავხდით ჩვენ თბილისის ქუჩებში, ახალი საზოგადოების მშობიარობის პროცესში.


„ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ქრისტიანული აზროვნების, ამასთანავე წარმმართველი პრინციპი უძველესი ქართული კულტურის“- აღნიშნავთ თქვენს საშობაო მილოცვაში, მიტროპოლიტო გრიგოლ. შეუძლებელია არ დაეთანხმო მღვდელმთავარო თქვენს ამ მოსაზრებებს.


თუმცა იმის გაფიქრებაც კი, რომ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, მიგაჩნიათ, რომ იმ ბარბაროსულ აქტებს, დაბადების პროცესში მყოფი ახალი საზოგადოების წარმომადგენლები - „ღვთივბოძებული თავისუფალი ნების და ქრისტიანული აზროვნების, ამასთანავე უძველესი ქართული კულტურის წარმმართველი პრინციპებით“ შთაგონებულები ჩასდიოდნენ?! წარმოუდგენელია! „ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპების უგულველყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!“ - სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, მიტროპოლიტო გრიგოლ!


მე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრი, მოკრძალებით მოგმართავთ თხოვნით, მიტროპოლიტო გრიგოლ, გაგვარკვიოთ, როგორ მიგაჩნიათ, ახალი საზოგადოების დაბადების პროცესში, ვის მიერ და რა შემთხვევაში იყო „უგულველყოფილი ქრისტიანული მრწამსის პრინციპები“? რათა ჩვენც, თქვენი კურთხევით, ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ ძალადობა! ქრისტესმიერი მორჩილებით გიორგი ხაინდრავა“, - აღნიშნულია წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031