გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ხაზინების მართვის ერთიანი პლატფორმა დაინერგება

24-01-2025

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საბანკო სექტორში, ხაზინების ასოციაციასთან ერთად, ხაზინის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემა დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სებ-ში აცხადებენ, აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ბანკების ხაზინების ეფექტიანობის ზრდას, საოპერაციო და ფინანსური რისკების უკეთ მართვასა და ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფინანსური ბაზრების მუშაობა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

„სისტემა მონაწილე ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ გამარტივებული პროცესებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღონ მეტად ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ უკეთ მართონ ფინანსური რისკები, მოახდინონ თავიანთი სავაჭრო საქმიანობის ოპტიმიზაცია და გაზარდონ საერთო ოპერაციული ეფექტურობა.

პლატფორმის დანერგვა გაზრდის ბაზრის მოცულობას, დერივატივების გარიგებებს და გააუმჯობესებს ფასწარმოქმნის პროცესს.

ხაზინის მართვის პროგრამული სისტემის უზრუნველყოფის პროექტში ჩართვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ხაზინების ასოციაციამ და ექვსმა კომერციულმა ბანკმა (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი, ტერაბანკი და ბანკი ქართუ).

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემის დასანერგად საჭირო ჰოსტინგის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რაც ხელს შეუწყობს მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი, სტაბილური, უსაფრთხო და საიმედო გარემოს ჩამოყალიბებას. თავის მხრივ ხაზინების ასოციაცია უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით დაგეგმვას, ორგანიზებას და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას. არსებით ხარჯებს კი კომერციული ბანკები გასწევენ.

სისტემის შერჩევისას მხარეებმა შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და არსებული პრაქტიკა, რის შემდეგაც არჩევანი საუკეთესო სისტემა MUREX MX.3-ზე შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა დანერგილი აქვს 100 საერთაშორისო ბანკიდან 65-ს. მსოფლიოში პლატფორმას ყოველდღიურად 60 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

პროექტის მომდევნო ეტაპები მოიცავს სისტემის დანერგვისა და მომსახურების დეტალური პირობების შეთანხმებას, სისტემის მორგებას მონაწილე ბანკების საოპერაციო საჭიროებებთან, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება წინასწარი საპილოტე ტესტირება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031