გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ დამკვირვებელი: საპატიმროებში ხმის მიცემის პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

28-10-2018

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ  დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე  გაიხსნა.  


საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ.


უწყების ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთის მეშვეობით    აფიქსირებენ.   


როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ალექსანდრე გუჭაშვილი აცხადებს პენიტენციურ დაწესებულებაში უბნები  დროულად გაიხსნა და არჩევნები  ექსესების გარეშე მიმდინარეობს. მისი თქმით, აქტივობა ნორმალურია და მადლობას  ციხის ადმინისტრაციას უხდის არჩევნების პროცესის კანონის მოთხოვნების დაცვით ორგანიზებისთვის.


ერთ-ერთი მსჯავრდებულის თქმით კი, პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნები  კანონის დაცვით მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა ხმა  ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა.


დამკვირვებლის პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“   სანდრო ალავერდაშვილის განცხადებით, არჩევნების პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს და ჯერჯერობით არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.


საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს“-აცხადებენ უწყებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031