17-01-2018
ყოველწლიურად ჩინეთი 56 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმ სახეობის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, რომელთაც დღეს საქართველოში ტრადიციულად ვაწარმოებთ. ამდენად, ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს. შარშან აღნიშნულმა მაჩვენებელმა 200 მლნ აშშ დოლარსგადააჭარბა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც 2018 წლის 5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენას „China International Import Expo“-ს მიეძღვნა.
შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გამართვის ინიციატივით 2017 წლის მაისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი პეკინში გამართულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფორუმზე გამოვიდა. გამოფენა წელს პირველად ჩატარდება და ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.
„ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინ პინის მიერ შარშან მაისში გაჟღერებული ინიციატივა დღეს უკვე რეალობად არის ქცეული და ჩვენ მიწვეული ვართ, როგორც საპატიო სტუმარი აღნიშნულ გამოფენაზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, “შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი ექსპორტიორებისთვის. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩინეთი 10 ტრილიონი აშშ დოლარის საქონელსა და მომსახურებას შეიძენს.“
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ორმხრივი ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოველწლიურად დადებითი დინამიკით ხასიათდება. მხოლოდ 2017 წელს ვაჭრობის მაჩვენებელმა 24 პროცენტით მოიმატა. მათ შორის, საქართველომ ჩინეთში 7,6 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო გაყიდა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცზადებით, 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის ქართული ბიზნესის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩინეთიდან ტურისტები შემოვიყვანოთ და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ტურისტული კომპანიები მას აუცილებლად გამოიყენებენ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, შარშან ჩინეთიდან 54 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. „თუმცა ამ მაჩვენებლის გაზრდის შესაძლებლობა ძალიან დიდია“, - განაცხადა პირვსელმა ვიცე-პრემიერმა.
18-12-2024