21-02-2025
გადახდების ინფრასტრუქტურული გაძლიერებისა და მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დელეგაცია ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას შეხვდნენ.
მისიის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროგრამის ლიდერი მიგელ სანჩესი ხელმძღვანელობდა, საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების მიმდინარე პროექტებს. ყურადღება გამახვილდა მათ მნიშვნელობასა და სარგებელზე, ასევე, სამომავლოდ სხვა ქვეყნების სისტემებთან ინტეგრაციის საკითხებზე.
შეხვედრაზე მხარეები მიმდინარე და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
მისიის ფარგლებში სპეციალურად ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ჩაატარეს ვორქშოპების სერია, რომლის მთავარი მიზანი ახალი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა იყო.
მსოფლიო ბანკის მისიასთან შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სებ-ის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში ვიზიტისას მსოფლიო ბანკის ექსპერტები ასევე შეხვდნენ საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, კომერციული ბანკებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს.
15-02-2025