გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროექტზე „დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

29-10-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით დაიწყო მეექვსე ნაკადის მიღება პროექტზე ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად”.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროექტის საწყის ეტაპზე რამდენიმე გუნდი შეირჩევა, რომელიც  ფაბლაბში  სხვადასხვა პროდუქტს შექმნის. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნება, პროდუქტის შესაქმნელად  ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები გამოიყენონ.


დაახლოებით 2 თვეში ფაბლაბის სპეციალისტების აქტიური მენტორშიფით, ვექტორული გრაფიკის და დანადგარების შემსწავლელი ტრენინგებით, მონაწილეები შეძლებენ  იდეა სწორი მიმართულებით განავითარონ, უკვე საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით შექმნან პირველი პროდუქცია და დაიწყონ ბიზნესი.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, რომელიც  ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს ხელს შეუწყობს, ბაზარზე საკუთარი პროდუქტი  დატესტონ და მომხმარებლებისგან პირველი შეფასება მიიღონ.


პროექტის მიზანია, საქართველოში  უფრო  მეტი ინოვაციური სტარტაპი გაჩნდეს და  მოქალაქეებს საშუალება მიეცეს, იდეა  რეალურ ბიზნესად აქციონ. ეს კი შემდგომში ქვეყანაში მცირე წარმოებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.


პროექტი ორი წლის განმავლობაში 5 ეტაპად ჩატარდა და მონაწილეობა 80-მდე გუნდმა მიიღო. მათი დიდი ნაწილი დღემდე  ქართულ და უცხოურ ბაზარზე ოპერირებს, ხოლო ათამდე სტარტაპი უკვე საკუთარი დანადგარით აგრძელებს საქმიანობას.


ტექნოპარკის ფაბლაბი არის უნივერსალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და საწარმოო დანადგარებთან.

ფაბლაბი აღჭურვილია თანამედროვე, კომპიუტერით მართვადი დანადგარებით - ლაზერული მჭრელით, 3D პრინტერებით, პროგრამირებადი ჩარხებით და საშუალებას იძლევა ლაბორატორიის ბაზაზე მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მცირე წარმოება.

დეტალური ინფორმაციის სანახავად და პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე - http://bit.ly/2CBaxwp

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031