გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
NDI: წინასაარჩევნო პერიოდი ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტებით გამოირჩეოდა

29-10-2018

28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტის ბოლო პირდაპირ
არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და
ამომრჩევლებმა დემოკრატიისადმი საკუთარი ერთგულების დემონსტრირება არჩევნების
მშვიდობიან გარემოში ჩატარებით შეძლეს.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ დათვლილი ხმების 99 პროცენტის თანახმად,
“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე
ზურაბიშვილმა ხმების 39 პროცენტი, ხოლო 11 ოპოზიციური პარტიის კოალიციის - “ძალა
ერთობაშია”- კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” - გრიგოლ ვაშაძემ - 38
პროცენტი მიიღო. რადგან 50 პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა
გადალახა, მეორე ტური ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის გაიმართება. ცესკოს წინასწარი
შედეგების სიზუსტეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებიც
ადასტურებს. ორ კანდიდატს შორის არჩევნების შედეგების სიახლოვის გათვალისწინებით,
მეორე ტურისთვის კამპანიის რიტორიკა და დაძაბულობა, სავარაუდოდ, მოიმატებს.
წინასაარჩევნო პერიოდი როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ნიშნებით ხასიათდებოდა.
ცესკომ არჩევნებისთვის მზადების პროცესი ეფექტურად და ვადების დაცვით წარმართა,
თუმცა გამოითქვა კრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ნეიტრალიტეტთან
დაკავშირებით. ამომრჩევლებს პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ.
საარჩევნო კამპანია აქტიურად და დინამიურად წარიმართა, თუმცა იგი მწვავე კრიტიკითა და
პირადი თავდასხმებით იყო გაჯერებული. პოლარიზების მიუხედავად, მედია გარემო
პლურალისტური იყო და მოქალაქეებს მრავალფეროვანი შეხედულებების მოსმენა შეეძლოთ.
ზოგადად მედია სექტორზე ფინანსური ზეწოლის გარდა, ზოგიერთი მედია საშუალება ასევე
პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხის ქვეშ მოექცა.


აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან
ქვეყნის საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი
ლიდერების წინააღმდეგ აგრესიული, პერსონალური და უპრეცედენტო თავდასხმებით
გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კრიტიკა
თავისთავად დასაშვებია, მათზე თავდასხმები საქართველოში მთავრობასა და სამოქალაქო
საზოგადოებას შორის სხვა მხრივ კონსტრუქციული, თუმცა ზოგჯერ დაძაბული,
ურთიერთობისგან მკვეთრ გადახვევას წარმოადგენს.


“ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების ყველა შტოს დომინირების და შესუსტებული
საპრეზიდენტო უფლებამოსილებების პირობებში, სამოქალაქო საზოგადოება და მედია
შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიულ მექანიზმებად რჩება. ხელისუფლების
ლიდერების მხრიდან მათზე თავდასხმის შედეგად გამოწვეული ზიანი, შესაძლოა, არჩევნების
პერიოდს გასცდეს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საზიანო გავლენა იქონიოს.
ქვეყნის ლიდერები საზოგადოებისთვის მაგალითს წარმოადგენენ, შესაბამისად, არსებითად
მნიშვნელოვანია, მათ ქვეყნის მოდარაჯე ორგანიზაციების მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ,” -
განაცხადა დელეგაციამ.


ბოლო წლების არჩევნები ადასტურებს, რომ მოქალაქეები საარჩევნო პროცესს უმეტესწილად
ენდობიან. თუმცა არათანაბარ პირობებთან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად
გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია. ოფიციალური
მონაცემები ადასტურებს, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა
კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოთხჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე მის
შემდგომ ორმა კანდიდატმა ჯამურად. დელეგაცია შეშფოთებულია სამოქალაქო
საზოგადოების ანგარიშებით, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებზე ზეწოლა
ხორციელდებოდა, რათა მათ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის
სასარგებლოდ ხმების მობილიზება მოეხდინათ. ეს საკითხები წინა ხელისუფლებების დროსაც
პრობლემური იყო და რეაგირების გარეშე შემდეგ არჩევნებზეც გამოწვევად დარჩება.


“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს სათანადო ქცევისკენ მოუწოდა,
ნათელია, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს იმის
დასამტკიცებლად, რომ ისინი ნამდვილად გეგმავენ არსებული პრაქტიკის შეცვლას, მათ შორის
მკაცრი სანქციებისა და ზედამხედველობის მექანიზმების გატარებას,” - განაცხადა
დელეგაციამ.


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც არჩევნების დღეს ადგილობრივმა სადამკვირვებლო
ორგანიზაციებმა გამოკვეთეს და ასევე NDI-ის სადამკვირვებლო ჯგუფის მიერ იყო
აღნიშნული, საარჩევნო უბნებს გარეთ კანდიდატების აქტივისტების მასშტაბურ მობილიზებას
უკავშირდება. ეს პრაქტიკა უმეტესად ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეხებათ.


მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლების მობილიზება უკანონო ქმედება არ არის, სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციებმა ეს ამომრჩევლებზე ზეწოლად შეაფასეს. შეშფოთებას იწვევს
წინასაარჩევნოდ არსებული პრაქტიკა, რაც საჯარო მოხელეებისთვის ინსტრუქციის მიცემას
გულისხმობდა, რათა მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მიეცათ და მისი მხარდამჭერების
მობილიზაციისთვის საკუთარი ოჯახის წევრების სია წარედგინათ.


დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, გრძელვადიან რეკომენდაციებთან ერთად, დელეგაცია მეორე
ტურის წინ შესასრულებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:


• მთავრობის ლიდერებმა და სახელმწიფო თანამდებობის პირებმა არასამთავრობო
ორგანიზაციებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტონ და არასამთავრობო
ორგანიზაციებისთვის ხელშემწყობ გარემოს უნდა დაუჭირონ მხარი;


• საერთაშორისო საზოგადოებამ არასამთავრო ორგანიზაციებზე თავდასხმები უფრო
ძლიერად და საჯაროდ უნდა დაგმოს და მათდამი მხარდაჭერა გამოხატოს.
მნიშვნელოვანია მეორე ტურისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების
დაფინანსება;


• მეორე ტურისთვის საჯარო მოხელეების ქცევის რეგულირებისთვის მთავრობამ
კიდევ ერთი დირექტივა უნდა გამოსცეს და ამ დირექტივას მისი
უზრუნველყოფისთვის მკაცრი სანქციები და ზედამხედველობის მექანიზმები
დაამატოს;


• პარტიებმა ხელი უნდა მოაწერონ ქცევის კოდექსს, რომლის თანახმად ისინი
დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ყველა ფორმისგან თავს
შეიკავებენ, ხოლო დამრღვევებს შიდა სანქციებს დააკისრებენ;


• კამპანიებმა და მედიამ დარჩენილ პერიოდში მუქარის რიტორიკისგან და პირადი
შეტევებისგან თავი უნდა შეიკავონ და ამის ნაცვლად კანდიდატების პლატფორმასა
და ხედვაზე გაამახვილონ ყურადღება;


დელეგაცია აღიარებს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშს
დელეგაცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერისა
და გაძლიერების სულისკვეთებით წარმოადგენს.


დელეგაციის წევრები იყვნენ: დამა ოდრი გლოვერი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების
და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყოფილი დირექტორი; პერ ეკლუნდი,
ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; ლორი ფულტონი, აშშ-ის
ყოფილი ელჩი დანიაში; კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში; მარია ბაბიჩი,
საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; მელისა მუსიო, NDI-ის საქართველოს,
თურქეთისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი; და ლორა თორნტონი, NDI-ის
საქართველოს ოფისის უფროსი დირექტორი. სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031