11-03-2025
„ვფიქრობ, შეგვიძლია სრული მანდატი მივცეთ ფლაგმანი პროექტის განხორციელებას რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გარანტიას მისცემს მთელ ევროპას და ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ან კასპიის რეგიონის ქვეყნების ინტერესებშია, არამედ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია მთელი ევროპული კონტინენტის გრძელვადიანი მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისთვის" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ქალაქ ბუდაპეშტში, მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს, უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის და ბულგარეთის მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.
„ჩვენი გუნდის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანებია, მათ შორის ერთ-ერთია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დასრულება და გვყავს იტალიური საკონსულტაციო კომპანია, მათი ძალისხმევით სწრაფად მივდივართ წინ. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ხელმისაწვდომი იქნება და გადავალთ პრაქტიკული განხორციელების ფაზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა მინისტრმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თითოეულ მონაწილე ქვეყანას აქვს ენერგეტიკის ხელშეწყობის ძალიან ყოვლისმომცველი დღის წესრიგი და საქართველოც ამის ნაწილია.
„ჩვენ ენერგეტიკის სექტორში ვახორციელებთ მნიშვნელოვან მხარდაჭერის სქემებს განახლებადი ენერგიის, ქარის, მზის და ჰიდროენერგიის მიმართულებით. გვქონდა ორი კონკურენტული აუქციონი კერძო დეველოპერებისთვის CFD მექანიზმის მინიჭებისთვის, შემდეგ ეს გავაფართოვეთ კერძო დეველოპერებთან პირდაპირი მოლაპარაკებებით მათთვის, ვისაც შეუძლია ინვესტირება რეალურ ენერგეტიკულ პროექტებში. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 10 000 მეგავატი პოტენციური განახლებადი ენერგიის პროექტი გვაქვს, რაც მნიშვნელოვანი სიმძლავრეა - მისი გამოყენება შეიძლება ადგილობრივი მოხმარებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება მისი გამოყენება ჩვენს ფლაგმან პროექტში" - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ ქვეყნებშიც და მისი შეფასებით, ეს ეხმარება შეუფერხებელ ენერგეტიკულ გადასვლასა და მდგრადად განვითარებას, რათა დაკმაყოფილდეს როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესის მოლოდინები და გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებადმა ენერგეტიკულმა ფასებმა გააძლიეროს და უფრო კონკურენტული გახადოს პროექტის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკა.
„ეს არის ამ პროექტის საბოლოო მიზანი, ამიტომ ყოველდღიურად ვართ კოორდინაციაში და ვმართავთ მმართველი კომიტეტის მაღალი დონის შეხვედრებს, რომ ეს პროექტი საუკეთესო და ყველაზე ეფექტიანი გზით განხორციელდეს. რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია ბოჭკოვანი ოპტიკური კავშირებიც და ეს იქნება ჩვენ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას და ასევე ყველა პარტნიორ ქვეყანას, დაინტერესებულ მხარეებსა და მედიას მწვანე ენერგეტიკული გადაწყვეტილებების გაუმჯობესებისა და თანამშრომლობის გაძლიერებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.
მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ჟეჩო სტანკოვი. საქართველოს მხრიდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.