გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო „ნაცმოძრაობას“ სიცრუეში ადანაშაულებს

30-10-2018

საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც, მათი შეფასებით, არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს


ცესკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„დღეს, მედიასაშუალებებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის #2-ე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე და წევრები საარჩევნო ყუთში ყრიდნენ ბიულეტენებს და თითქოს ამომრჩეველს უბანზე დახვდა გამზადებული და შემოხაზული ბიულეტენი, არის ცრუ ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.


საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პარტიების წარმომადგენლებს შესწავლის გარეშე და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ განცხადებებს, რამაც შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო პროცესი და საფუძვლის გარეშე მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დისკრედიტაცია.


მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მშვიდად და დაუსაბუთებელი ბრალდებების გარეშე გააგრძელონ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება. 28 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ემსახურება ამომრჩევლებს და იცავს თითოეული მათგანის ნებას. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც დემოკრატიულად ორგანიზებული არჩევნები და მცირე ხარვეზები ვერ მოახდენს გავლენას შედეგზე, თუმცაღა ეს ინციდენტიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არის ინტერპრეტირებული სიცრუე და ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისნის #2-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ვაცხადებთ, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელიც შეამოწმა ნაკადის მომწესრიგებელმა და მას არ ჰქონდა მარკირება, სიაში მისი სახელის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა - რაც წარმოადგენს პროცედურულ ხარვეზს და ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორი კომისიის წევრი წერს ფაქტობრივი გარემოების აღმწერ ახსნა-განმარტებას. საკანონმდებლო პროცედურა განსაზღვრავს, რომ თუ რომელიმე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში შეცდომით ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, შესაბამისი ამომრჩეველი, რომლის გვარის გასწვრივაც ფიქსირდება ხელმოწერა, იმავე გრაფაში აწერს ხელს.


საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც მოითხოვა, რომ ამომრჩეველს მისცემოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რათა არ დარღვეულიყო მისი კონსტიტუციური უფლება, რაზეც უბნის თავმჯდომარემაც მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება. პარტიების წარმომადგენლებს კი ჰქონდათ უხეში მცდელობა ხელი შეეშალათ ამომრჩევლისთვის, რაც ცალსახად ჩანს გავრცელებულ კადრებშიც.


საარჩევნო ადმინისტრაციას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ჰქონდა და ექნება კანონისმიერი რეაგირება ნებისმიერ გადაცდომაზე, მათ შორის ამ უბნის რეგისტრატორის ქმედებასა თუ სხვა პროცედურულ ხარვეზზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, ასევე წარიმართოს გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031