30-10-2018
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მცდელობა, რომ ხალხი დააჯეროს, თითქოს ის მეორე ტურში მონაწილეობას აღარ აპირებს უშედეგოა, რადგან ის მეორე ტურისთვის მზად არის.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ორდღიანი სიჩუმის შემდეგ დღეს განაცხადა.
„რუსთავი2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება კანდიდატურა მოვხსნა.
და რა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?!
და რა,მხარდამჭერები და თანამებრძოლები შუა ბრძოლაში მივატოვო?!
მგონი, არ მიცნობენ! კახელიც ვარ და მეგრელიც! ჯიუტი და ბოლომდე წამსვლელი, ამასთან, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული.
ამიტომ, მე მზად ვარ მეორე ტურისთვის და მზად ვარ ბრძოლისთვის, იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის და მჯერა იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის ან ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. დღეს არჩევანია თუ როგორი გვინდა ეს საქართველო. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, გამარჯვებაა.