18-01-2018
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუნდს აქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, რომ სწორი პროგნოზები გაკეთდეს, როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში შიდა კვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად, NDI-ს კვლევის მონაცემებთან შედარება შეუძლებელია.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისაგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს ყოველთვის იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით. დროის ამ მონაკვეთში ჩვენ შიდა კვლევა არ ჩაგვიტარებია, აქედან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე შედარების გაკეთება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვეყრდნობით ყოველთვის ჩვენ შიდა კვლევებს პროგნოზებისათვის“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებსაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კითხვის ფორმულირება.
„ჩვენთვის ეს არის საინტერესო საკითხები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, კითხვის ფორმულირება. ძალიან საინტერესოდ იყო დასმული კითხვა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კითხვა იყო დასმული იმის თაობაზე, იცოდა ხალხმა თუ არა, რომ 26 სექტემბერს უყარა კენჭი პარლამენტმა ამ კანონპროექტს. ასე კითხვები ბუნებრივია, არ ისმება ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებში, თუ გინდა სწორი პასუხის მიღება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის მრავალი საინტერესო საკითხი გამოკვლეული NDI-ს მიერ. ჩვენც ვინტერესდებით ამ საკითხებით და ჩვენი შიდა კვლევების საფუძველზე ვიქმნით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორია საზოგადოების განწყობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამოცანების, მიზნებისა და საზოგადოების განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ეყრდნობა.
„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს არც ნდობასთან და არც უნდობლობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ შიდა კვლევების საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენი ამოცანები, მიზნები, განვსაზღვროთ ის, თუ როგორია საზოგადოების განწყობა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აქცენტს ვაკეთებთ საკუთარ კვლევებზე. თავის დროზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი შედეგები იყო აცდენილი CRRC-ს მოწოდებულ შედეგებს. არჩევნებზე იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული და რეალურად, ჩვენი შიდა კვლევები დაემთხვა ჩვენს შედეგებს და აცდენა იყო CRRC-ს შედეგებსა და არჩევნებს შორის. შესაბამისად, გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ, როდესაც ვაკეთებთ პროგნოზებს ამა თუ იმ მიმართულებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
18-12-2024