გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების დღიდან დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 15 პირია მიცემული

1-11-2018

არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებული ინციდენტების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.


2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით დაიწყო.


შეტყობინების მიღებისთანავე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციისა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, კონფლიქტის შემსწრე და სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირები. მხარეები და მოწმეები დაპირისპირების სხვადასხვა მოტივზე საუბრობენ. ამ დრომდე ვერ მოხერხდა ყველა დაზარალებულის გამოკითხვა. 2018 წლის 30 ოქტომბერს დაზარალებულებმა უარი თქვეს გამოკითხვაზე, რამაც საწყის ეტაპზე გამოძიებას შეუქმნა გარკვეული პრობლემები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით. 2018 წლის 31 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული პირები დათანხმდნენ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ორი მათგანი უკვე გამოიკითხა. დანარჩენი ორი დაზარალებული მათივე სურვილით გამოიკითხება 2018 წლის 1-ელ ნოემბერს.


საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულის მოტივის და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, გამოძიება, უმოკლეს ვადებში, იმსჯელებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ასევე სასამართლო-სამედიცინო და სხვა აუცილებელი ექსპერტიზები. მუშავდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები.


რაც შეეხება, არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში მომხდარ სხვა ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, არჩევნების დღეს, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იყო მყისიერი. კერძოდ, 2018 წლის 28-30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, სულ გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 126-ე, 151-ე, 154-ე, 187-ე და 239-ე მუხლებით.


18 ინციდენტის შესწავლის შედეგად, არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.


6 ინციდენტის შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს. საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასარიდებლად, მათივე სურვილით, არ გამოკითხულან შეტყობინების ინიციატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ. აღნიშნული პირების გამოკითხვის შემდეგ, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.


გამოძიება დაწყებულ საქმეთა შორის არის მარნეულის ინციდენტი, რაზეც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი წევრი და ქართული ოცნების ერთი წევრი.


აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15 პირი, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წევრები, მათ შორის, ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.


მოვუწოდებთ საზოგადოებას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“-აცხადებენ შსს-ში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930