გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ

2-11-2018

„სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.


„ჩვენ ამის შესახებ საუბარი გვქონდა გაზაფხულზეც, როდესაც UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა და იმ კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ასახული იყო ამ კვლევაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო და არის ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მინდა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დახმარების პოლიტიკას, ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება.


„ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია და სწორედ UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სწორედ ბავშვები იყვნენ ყველაზე მეტად დაცული, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები დაღირსეული მომავალი.


„აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენი პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ ეტაპზე. შესაბამისად, ეს გახდება ჩვენი ბიუჯეტის ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოციალური დახმარებებით ეკონომიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის მიღწევა, ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც აისახება ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენ ფაქტობრივად შევათანხმეთ ის ძირითადი ცვლილებები, რომელსაც ვგეგმავთ სოციალური პოლიტიკის დახვეწის ნაწილში და ამ ინიციატივებსაც უმოკლეს დროში წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930