18-01-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გუშინ, სოფლის მცხოვრებლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა" და "სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში".
როგორც აღმოჩნდა, სხვის უსწავლელობაზე მოსაუბრე ჭიჭინაძეს პარლამენტარობისას დიპლომიც არ ჰქონია.
პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ მეხუთე მოწვევის პარლამენტის (1999-2004) დეპუტატობის დროს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაუმთავრებელი ჰქონდა.
ამ დროს ჭიჭინაძე პარლამენტში ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოდგენდა.
ახლა ჭიჭინაძე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს და ამჯერად განათლების გრაფაში უწერია: საგანმანათლებლო დაწესებულება _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სპეციალობა სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა. თუმცა, როდის დაიწყო და დაასრულა სწავლა, მითითებული არაა.
მითითებულია მხოლოდ ის, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი 1983-1988 წლებში იყო.
თავად „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ დიპლომი 2000 წელს აიღო. კითხვაზე, რატომ დასჭირდა სხვის განათლებაზე მოსაუბრე დეპუტატს 17 წელი დიპლომის ასაღებად, ასე გვპასუხობს:
„თითო კურსს ვსწავლობდი ბეჯითად 5 წელი. კიდევ რა გაინტერესებთ? მე თქვენ სერიოზული ადამიანი მგონიხართ“.
_ ბატონო დავით, რას ხედავთ არასერიოზულს ჩვენს შეკითხვაში _ გვაინტერესებს, რატომ დაგჭირდათ 17 წელი დიპლომის ასაღებად... თქვენს ბიოგრაფიაში წერია, რომ სტუდენტი 1983 წლიდან 1988 წლამდე იყავით. ბიოგრაფიით ირკვევა, ასევე, რომ 1999 წელს, პარლამენტარობისას სასწავლებელი დამთავრებული არ გქონდათ და ახლა ამბობთ, 2000 წელს ავიღე დიპლომიო...
_ თუ გნებავთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჟურნალი აირეთ და იქაც წერია და არსად მე ეგ არ დამიმალია. 1988 წელს ქვეყანაში დაიწყო კოოპერაცია. მე ინსტიტუტი პრაქტიკულად დამთავრებული მქონდა. სამი წელი განაწილება იყო მაშინ საჭირო, რომ დიპლომი აგეღო. სხვებისგან განსხვავებით ვამჯობინე ბიზნესით დავკავებულიყავი და არა დიპლომის აღებით, _ ამბობს დავით ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, 90-იან წლებში საქართველოში არ იმყოფებოდა და დიპლომი დაბრუნების შემდეგ აიღო:
_ მივდიოდი-მოვდიოდი, სხვაგან ვმუშაობდი. ჩამოვედი 1999 წელს, აღვიდგინე თავი ჩვეულებრივად, გადავაბარე 12 გამოცდა სახალხოდ, სტუდენტებთან ერთად და დავიცავი დიპლომი.
_ შეგიძლიათ რამდენიმე თქვენი კურსელის ან იმ ადამიანის ვინაობა გვითხრათ, რომლებთანა ერთადაც სადიპლომო დაიცავით? თუ არ ვცდებით, ეს ის პერიოდია, როცა, როგორც ამბობენ დიპლომის ყიდვა ადვილი იყო... მეტი დამაჯერებლობისთვის გადავამოწმებთ დეტალებს, რადგან ეჭვები თქვენი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით უკვე გამოითქვა..
_ რა ყიდვა, ვერ გავიგე _ 4 წელი ვსწავლობდი. ის გავლილი მქონდა, მთელი კურსი დამთავრებული მქონდა. გასავლელი არაფერი მქონდა. მარტო დიპლომი მქონდა დასაცავი.
_ ბატონო დავით, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, თქვენი სამუშაო გამოცდილების გრაფაში წერია, რომ 2004-2016 წლებში „ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი“ იყავით. იქნებ, განგვიმარტოთ რას ნიშნავს ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი...
_ დამფუძნებელი არ იცით, რას ნიშნავს?
_ ორგანიზაციის დამფუძნებლის მნიშვნელობა ვიცით, მაგრამ ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებლის არა და ამიტომაც გთხოვთ განმარტებას.
_ ასე არ წერია.
_ ზუსტად ასე წერია... სიტყვა-სიტყვით
_ იქ წერია, ბიზნესსაქმიანობა.
_ არ იცით, რა წერია თქვენზე პარლამენტის ვებგვერდზე?
_ გრაფაში ასეა _ ბიზნეს საქმიანობა, მძიმე, დამფუძნებელი. ეს იმიტომ, რომ ბიზნესსაქმიანობაში შეიძლება იყო დირექტორი, შეიძლება იყო მენეჯერი, შეიძლება იყო მუშა და არის კიდევ ერთი სტატუსი, როდესაც შენ ხარ დამფუძნებელი. ის დამფუძნებელი დღესაც ვარ.
_ თქვენ გინახავთ, რა წერია პარლამენტის ვებგვერდზე?
_ პარლამენტის ვებგვერდს მე არ ვკრიბავ. იქ იყო ასეთი კითხვა _ 2004-2016 წელს რით ხარ დაკავებული, რა სტატუსით იყავი? ვიყავი დამფუძნებელი. და „გურია ნიუსს“ მეტი საქმე არ აქვს, ეტყობა. ქვეყანაში მე მგონი სერიოზული მოვლენები ხდება და ჩემი-სწავლა განათლებით ინტერესდებით.
_ განათლების საკითხზე გუშინ თქვენ ისაუბრეთ და ახლა მიგაჩნიათ ეს თემა უინტერესოთ როდესაც თქვენი, პარლამენტის დეპუტატის განათლებით დავინტერესდით?
_ დიპლომით არ განისაზღვრება ხოლმე განათლება. ხალხს ხუთ-ხუთი დიპლომი უდევს, მაგრამ უმუშევრები ზიან.
_ და ზოგი უდიპლომოდაც ხვდება პარლამენტში, ხომ?
_ მერე რა, მაგალითები ბევრია უდიპლომოების. საერთოდ, ერთი რამ დაიმახსოვრეთ _ ინსტიტუტებში არ ასწავლიან წარმატების საიდუმლოს. სხვა რაღაცაა, სხვა რამე სჭირდება ადამიანს ცხოვრებაში, _ აღნიშნა ჭიჭინაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თუკი მისი განათლების კომპეტენციაში ვინმეს ეჭვი შეეპარება, საუბრისთვის მზადაა.
18-12-2024