გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი ლონდონის ბირჟისგან მამუკა ხაზარაძისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

2-11-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ბირჟისგან „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, სადაც ხაზარაძის განცხადებას უპასუხა.
„ხაზარაძე რატომღაც ლაპარაკობს თავისი ათასობით თანამშრომლის სახელით, მისი ბანკის დირექტორი კი იღებს 15 მილიონ ლარს ხელფასს, მაგრამ მისი თანამშრომლები იღებენ რამდენიმე ასეულ ლარს, კაპიკებად ამუშავებს მონებივით და კიდევ აქვს თავხედობა, ილაპარაკოს, რომ მათ უნდა მისცენ ხმა ისე, როგორც ის ეტყვის. ეს ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე. მე ვაპირებ, რომ მივმართო ლონდონის ბირჟის წარმომადგენლობას, ფინანსური სანქციები მიიღოს ხაზარაძის მიმართ. ეს საერთაშორისო ბიზნესის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება, საკუთარი თანამშრომლების საკუთარი პოლიტიკურ მონებად და საკუთარი მიზნებისთვის განხილვა. დიდ პატივს ვცემ „თიბისი ბანკის“ თანამშრომლებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა მათგანმა მისცა ხმა ცვლილებას და ამ განცხადების შემდეგ კიდევ მეტად მისცემენ ხმას განახლებას, ნამდვილ ბიზნესს, ნამდვილ განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლა საქართველოში მსხვილი ბანკების ინტერესებში არ შედის, რადგან ისინი მოსახლეობის ძარცვით მდიდრდებიან.


„ექვსი წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნე ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და ახლა აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის. საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის „თიბისი“ აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცვავს საქართველოს, მათ ერთი მილიონი ადამიანი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშეური ქმედებებით. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, საქართველო სასამართლოს რეფორმების გზით, დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნის გზით, დაცული იქნება თითოეული ბიზნესი, დაცული იქნება ყველა მესაკუთრის უფლება. სწორედ ის და უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილთან ერთად, ატერორებდნენ და ძარცვავდნენ „ომეგა ჯგუფს“ და ბატონ ოქუაშვილს, ისევე როგორც უამრავ სხვა ბიზნესს, სადაც მოიპოვეს ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, შემდეგ მოუჭირეს ხელი, გააკოტრეს, გაანადგურეს და ჩაიდეს ჯიბეში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ დღეს განცხადება გაავრცელა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია, საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და ქაოსი გამოიწვიოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930