გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელმძღვანელს რობერტ ლუკასს შეხვდა

27-04-2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელმძღვანელს რობერტ ლუკასს შეხვდა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა სების ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მხარეებმა ცენტრალური ბანკების რეზერვების დაგროვებისა და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელობას სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად.

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამასთან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, RAMP-ის მხარდაჭერით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების მართვის შესაძლებლობები საგრძნობლად გააუმჯობესა, „იყიდე და ფლობდე“ მიდგომიდან ის უფრო დახვეწილ, აქტიურ საინვესტიციო სტრატეგიებზე გადავიდა.

„მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობით, სების სავალუტო რეზერვების მართვის პროცესი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაიქმნა, დაინერგა რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდები რითაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადო ადგილის დამკვიდრება შეძლო რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, RAMP-ის პროგრამის ხელმძღვანელმა რობერტ ლუკასმა შემდგომი თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, რეფორმების მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდან არის RAMP-ის წევრი, ხელშეკრულება კი 2024 წლის ოქტომბერში კიდევ სამი წლით განახლდა. ეროვნული ბანკი აგრძელებს RAMP-ის კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებას რაც როგორც ვიზიტებით, ისე დელეგაციების მასპინძლობით გამოიხატება.

რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს და სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031