გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

3-11-2018

„საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად (რა დროსაც მოქალაქეებს განემარტათ საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აუცილებლობა) საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და ბოლო მონაცემებით ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში 1400-მდე მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე“-ამის შესახებ საგაურეო უწყების მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციითვე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გააქტიურებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომლებსაც ამ დროისათვის არ მოუმართავთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით, კიდევ ერთხელ მოუწოდებს: დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი რეგისტრაცია საარჩევნო სიებში.

„მზარდი მომართვიანობის გათვალისწინებითა და კონსტიტუციით განსაზღვრული, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ:

- ყურადღებით გაეცნონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წინაპირობებსა და წესებს, რომლებიც განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე

- განმარტებებისათვის დარეკონ საზღვარგარეთ შესაბამის საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე
- აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ონ-ლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი/ანკეტა (https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41)
- გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან განაცხადების ელექტრონულ რეესტრში (https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/application)

ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხასიათის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს ვთხოვთ გაითვალისწინონ რიგი გარემოებებისა, რომლებიც დაკავშირებულია საკონსულო აღრიცხვასთან და არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურასთან, კერძოდ:

- საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიაში მოხვედრის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს საკონსულო აღრიცხვა.
- საზღვარგარეთ საცხოვრებელი ქვეყნის/ქალაქის ან საკონსულო ოლქის ცვლილებისას მოქალაქე აღრიცხვაზე უნდა დადგეს ახალ მისამართზე - შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
აქვე დავაზუსტებთ, რომ მოქალაქეს ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება.
- საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქე დგება საკუთარი სურვილით და მისი აღრიცხვა საკონსულო დაწესებულებაში ვიზიტის ან სხვა მომსახურების მიღებისას ავტომატურად არ ხორციელდება.
- ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე
- აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
- დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში. მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს მოქალაქეებისათვის არასამუშაო დღეებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“-აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930