4-11-2018
ავლაბარში, მეტეხის ქუჩა N14-ში ავარიული სახლის ნაწილი გუშინ ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერიის ინფორმაციით, სახლის ნაწილის ეტაპობრივი ჩამოშლა სამი დღის წინ დაიწყო, რაზეც ისნის რაიონის გამგეობამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. სახლის ამ ნაწილში მცხოვრები სამი ოჯახი, უსაფრთხოების მიზნით, დროებით საცხოვრებელში გადავიდა. გამგეობა მათ ბინის ქირით უზრუნველყოფს.
ადგილზე უკვე რამდენიმე დღეა სპეციალისტები მუშაობენ და სახლის მგდომარეობას იკვლევენ. მას შემდეგ რაც სპეციალური კვლევის შედეგები იქნება ცნობილი, დედაქალაქის მერია გადაწყვეტილებას მიიღებს, სახლის ეს ნაწილი როგორ უნდა რეაბილიტირდეს და ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებს.
აღნიშნულ მისამართზე, მთლიანობაში 30 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან სახლის დანარჩენი ნაწილი კონსტრუქციულად მდგრადია.
ამ ეტაპზე მეტეხის N14-ში გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს და გზა ჩამოშილი ფრაგმენტებისგან სუფთავდება. როგორც დედაქალაქის მერიის, ასევე, ისნის რაიონის გამგეობის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ადგილზე გამგეობის თანამშრომლები და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე იმყოფებიან.