გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ლიდერის განცხადებაა, რომელმაც თავისუფლების ფასი იცის

5-11-2018

„ბიძინა ივანიშვილის მიმართვა არის ლიდერის განცხადება, რომელმაც თავისუფლებისა და იმ ბრძოლის ფასი იცის, რაც 2012 წლის გამარჯვებამ მოიტანა,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

 

დეპუტატის თქმით, საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაცა ხელისუფლებას დაკარგავს, არამედ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში მთავარ ღირებულებებს საფრთხე დაემუქრება.

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ღირებულებითი არჩევანის წინაშე დგას, რადგან სასწორის ერთ მხარეს – წარსული და ძალადობა დევს, მეორე მხარეს – თავისუფლება და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა.

 

„მიმართვის ყველა პუნქტი ძალიან საყურადღებოა, სათქმელი ძალიან ღიად და გულწრფელად არის წარმოჩენილი. რეალობის ძალიან გულწრფელი, ობიექტური ანალიზია და იმ პრობლემების დანახვა ხდება, რაც ხელისუფების მიერ გადასაწყვეტია. ყველაზე მნიშვნელოვან მოცემულობაზე პასუხისმგებლობის განცდა და ყველაფრის გააზრებაა. ახლა ეტაპი დგას, როცა მმართველი პარტია არსებულ პრობლემებს ხედავს. ხალხს პირდაპირ ვეუბნებით, რომ არჩევნებით სასწორზე ის მონაპოვარი დგას, რაც ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად 2012 წლის გამარჯვებამ მოიტანა. ეს მონაპოვარია – თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ქვეყნის გამთლიანების პროცესის დაწყება, ადამიანის პატივისცემა და სიცოცხლის უფლების დაცვა. რაც დიდი ბრძოლის შედეგად 2012 წელს იყო მოტანილი, სასწორის ერთ მხარეს დევს და მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძალა, არამედ სამწუხაროდ, რევანშისთვის მომართული გაერთიანება, რომელიც საფრთხეს იმ ყველაფერს შეუქმნის, რაც 2012 წელმა მოიტანა. პარტიის ლიდერი პასუხისმგებლობას იღებს და ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს, ის ყველამ ჩვენს სფეროსა და არეალში უნდა გადავინაწილოთ. ახლა საჭირო იმ მონაპოვარისდაცვაა, რასაც თავისუფლება, ადამიანის სიცოცხლისა და მისი ძირითადი უფლების გადარჩენა ჰქვია. ხალხთან ერთად გაერთიანება გვჭირდება, რათა ეს საფრთხე დავძლიოთ, საშიშროება რაც ქვეყანას უდგას, გადაილახოს და ცვლილებების განხორციელება მყისიერად დაიწყოს”, – აცხადებს ბესელია.

 

დეპუტატის მტკიცებით, ხელისუფლებამ არჩევნებით ის პრობლემები დაინახა, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.

 

„პრობლემების გადაწყვეტას გაბედული ნაბიჯი და სიახლეები სჭირდება. ეს შემდგომი ეტაპია, რაც არჩევნების დასრულებას მოჰყვება. ქვეყნისთვის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია, სასწორზე დევს ყველაფერი, რისთვისაც 2012 წლამდე და მანამდე ვიბრძოდით. რევანშისტული ძალისგან საფრთხე ადამიანისა და სიცოცხლის უფლებას ემუქრება”, – დასძინა ეკა ბესელიამ.

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031