6-11-2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა, მთლიანად დარეგულირდება.
ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“როდესაც ეს კანონპროექტი ამოქმედდება და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, როგორც კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გავა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ, ამ კანონპროექტით მთლიანად იქნება დარეგულირებული.
ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარებას, უკრძალავს მის მოხმარებას არასრულწლოვნებს, 21 წლამდე ასაკს მიუღწეველ პირებს, კრძალავს არასრულწლოვნების თანდასწრებით მარიხუანას მოხმარებას, უზღუდავს მთელ რიგ სამოქალაქო უფლებებს მომხმარებლებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის.
ეს კანონპროექტი ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, მაგრამ სამართლებრივი რეალობა ასეთია. მოხმარება პირად სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაუშვა, სხვაგან ყველგან - ფაქტობრივად ყველა ადგილას: სატრანსპორტო საშუალებაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, ყველგან, მათ შორის არასრულწლოვნების მხრიდან აკრძალულია. თუ პირი ასეთ ქმედებას ჩაიდენს, რომელიც კანონით ისჯება, შესაბამისად მას სისხლისამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.