გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იპოდრომთან მდებარე ტერიტორია, რომელიც "ნაციონალების" დროს უცხოელებზე გაიყიდა, ქალაქს დაუბრუნდება

7-11-2018

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ე.წ. ჩოგბურთის კორტები არსებობდა, ქალაქს დაუბრუნდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე განაშენიანების მიზნით გაიყიდა.


„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე მინდა გიამბოთ. ეს არის მიწის ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარედ, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის -ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზოგადად, ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ბევრი თბილისელი დადიოდა. სამწუხაროდ, 2009 წელს ტერიტორია უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც აღნიშნული მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები, სკვერები, პარკები და სხვა ტერიტორიები, სადაც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რაიმე სახის მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება, სადაც საჩოგბურთო მოედანი მოეწყობა. ასევე, შესაძლებელია სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.


„რთულია, რომ ამ ადგილს დღეს კორტები ვუწოდოთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, ეს კონკრეტული ადგილი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის პროექტის განხორციელება დაიწყოს, სადაც შესაძლებელია, როგორც საჩოგბურთო, ასევე, საფეხბურთო მოედანი მოეწყოს. მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის და დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. მოსახლეობის მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება იყო, თუმცა გადაწყვეტილება უკვე დადებითად არის მიღებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


მისივე განცხადებით, თბილისის მასშტაბით არაერთი რეკრეაციული სივრცეა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტი ცდილობს, ეს ყველაფერი გამოასწოროს.


„ძალიან ბევრი დანაშაულია ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქალაქის სათავეში, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და სადაც გადარჩენის, შენარჩუნების თუ აღდგენის თეორიული შესაძლებლობა მაინც არსებობს, ეს მოვახერხოთ. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავაზარალოთ ის ადამიანები, ვისაც მიწის ნაკვეთებში თანხა აქვს გადახდილი. მათ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, ეს იქნება ადგილმონაცვლეობა, გამოსყიდვა თუ რა საშუალებაც არსებობს, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და უკმაყოფილო არავინ დარჩეს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ წინა ხელისუფლებას არ დავემსგავსოთ. ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, რაც ძალიან რთულია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930