გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

8-11-2018

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო - "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union“, რომლითაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.

 

 

რეზოლუციის თანახმად, ირლანდია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

 

 

რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს და  რუსეთის ფედერაციას  მოუწოდებს სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებები.  რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, მკვეთრად არის გაუარესებული ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. სენატი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ხაზს უსვამს აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას; სენატი მოუწოდებს ირლანდიის მთავრობას შეუერთდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირების მიმართ გათვალისწინებულ სანქციებს; რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოლიტიკის მნიშვნელობა და გამოთქმულია მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივისადმი - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

 

 

რეზოლუციაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემას ცალკე პარაგრაფი ეთმობა. კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სენატი  საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ არსებით პროგრესს მიესალმება, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის ჩათვლით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ  მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგია.

 

 

სენატი საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ორმხრივ  და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობები კიდევ უფრო  გაღრმავდება.

 

  

ირლანდიის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომხდარი უაღრესად მნიშვნელოვანი, პოზიტიური მოვლენაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031