გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

8-11-2018

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.პ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, ქ.თბილისში ყოფნისას ა.პ. დაუკავშირდა და შეხვდა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ა.ფ.-ს, რომელსაც უთხრა, რომ საქართველოში მყოფი ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. სოციალური ქსელების მეშვეობით მის მიმართ ღირსების შემლახავ ინფორმაციას ავრცელებდა და ა.ფ.-ს მკვლელის პოვნა შეუკვეთა, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ ვ.ა.-ს მოკლავდა. 

2018 წლის 27 იანვარიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ა.ფ. და ა.პ. რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მკვლელობის დეტალებზე და გვამის გადამალვის გეგმაზე შეთანხმდნენ. ა.პ. ა.ფ. - ს დაპირდა, რომ ვ.ა.-ს მკვლელს 5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა და იარაღის შესაძენად 500 აშშ დოლარს მისცემდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს 2018 წლის 4 თბერვალს ა.პ.-მ მკვლელობის დეტალები დააზუსტა და ა.ფ.-ს დაავალა, რომ დამაჯერებლობის განსამტკიცებლად გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება იყო საჭირო, ხოლო უსაფრთხოების მიზნით ვ.ა.-ს გვამზე დიდი ლოდები უნდა დაეკიდათ და წყალში ჩაეგდოთ. 2018 წლის 7 თებერვალს კი ა.პ.-მ მკვლელობის იარაღის შესაძენად ა.ფ.-ს 1200 ლარი გადასცა. 

სამართალდამცველებმა ა.პ. 2018 წლის 9 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ( შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031