გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ღონისძიება გაიმართა

13-06-2025

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო საშტაბო კურსის მე-14 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ მიმართეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეროვნული თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში სამხედრო განათლების მნიშვნელობასა და განათლებულ ოფიცერთა კორპუსის როლზე. მათი თქმით, სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.


ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებს დიპლომები და სასაჩუქრე დაფები გადაეცათ. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული კი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა საშტატო იარაღით დააჯილდოვა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 47-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა სამხედრო ოპერაციების პრინციპები, ლიდერობა და მენეჯმენტი, გაერთიანებული და ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა, ომის თეორია, სამხედრო ხელოვნების ისტორია, ასევე ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები შეისწავლეს.


სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის უმთავრესი ამოცანაა თავდაცვის ძალების ოპერატიული დონის ოფიცრების მომზადება მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და მათთვის თანამედროვე სამხედრო და აკადემიური განათლების მიღების ხელშეწყობა. 2024-2025 წლიდან სამეთაურო-საშტაბო პროგრამა თანამედროვე სტანდარტებისა და გამოწვევების შესაბამისად სრულად განახლდა — შეიცვალა როგორც თემატიკა, ასევე სასწავლო საათების განაწილება. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი თავდაპირველად ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან იგი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას დაექვემდებარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031