გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
უცხოური პრესა
„მემლექეთზე ფიქრებით“-ქართული ენა რიზეს უნივერსიტეტში

21-12-2017

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ თურქული რადიოსადგურის, «TRT - Türkiye Radyo Televizyon Kurumu»-ის ეთერში გასული მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემის „მემლექეთზე ფიქრებით“ ქართულენოვან, ბეჭდვურ ვერსიას, რომელიც რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლას ეხება:

--------
„მოგესალმებით. წინა გადაცემაში რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის შესახებ დაწყებულ ჩვენს საუბარს აკადემიური პერსონალის მიერ ჩვენი რადიოსთვის მიცემული ინტერვიუთი ვაგრძელებთ.

პროფესორი რუსუდან საღინაძე: ახალი სპეციალობის ჩამოყალიბება საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, დაუღალავი შრომა, თვეების განმავლობაში უძილო ღამეები... ჩვენ შევძელით და საფუძველი ჩავუყარეთ თურქეთის რიგით მეოთხე უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობას, მოვამზადეთ ოთხწლიანი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა, რომელიც გაიგზავნა ანკარაში, უმაღლესი სასწავლებლების საბჭოში განსახილველად. მოვიდა დადებითი პასუხი, რაც გახდა საფუძველი სტუდენტთა მიღებისა. რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გასახსნელად ორი წლის განმავლობაში გაწეულმა მოსამზადებელმა მუშაობამ ის შედეგიც გამოიღო, რომ 2016-2017 სასწავლო წელს ამ უნივერსიტეტში უკვე რეალურად ამოქმედდა სპეციალობა, მივიღეთ პირველი ნაკადი სტუდენტებისა და ცამეტი ახალგაზრდა მონდომებით შეუდგა ქართული ენის შესწავლას. მათთან მუშაობა სასიამოვნოც არის და საამაყოც. სტუდენტებს უკვე შევაყვარეთ ქართული ენა, საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული კულტურა. ეს კი ნამდვილად არის მიღწევა და წარმატება.

იმედი გვაქვს, სპეციალობის გაძლიერებას შედეგად მოჰყვება სამეცნიერო კადრის აღზრდა, მთარგმნელობითი საქმიანობის გაფართოება. სამომავლოდ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქართულ-თურქული სამეცნიერო პრობლემატიკისკვლევას, ორი ქვეყნის – თურქეთისა და საქართველოს – მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

ასოცირებული პროფესორი მაია კიკვაძე: ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლობენ თურქეთის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები. მათ ქართული ენის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ჰქონდათ ინტერნეტის საშუალებით, ნანახი ჰქონდათ ქართული ანბანი, გვიცნობდნენ ჩვენც. ასე რომ, ინტერესი ქართული ენის შესწავლისა იგრძნობოდა მოსვლის პირველი დღიდანვე. ამჯერად კიდევ უფრო მოტივირებული არიან, მოუთმენლად ელიან საქართველოში წასვლას. ვისარგებლებთ შემთხვევით და გეტყვით, რომ 2017-2018 სასწავლო წელს ჩვენი სპეციალობის ორი სტუდენტი მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის პირველ კურსზე ქართული ენის შესწავლას ეთმობა 40 კრედიტი.მე და ქალბატონი რუსუდანი წლების მანძილზე ვმუშაობთ უცხოელ სტუდენტებთან. ხანგრძლივმა გამოცდილებამ საკმაოდ დიდი მასალა დაგვიგროვა. მომზადებული გვაქვს ელექტრონული სასწავლო კურსები ყველა საგანში, რომელსაც თან ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები, ტექსტები და მოსასმენი მასალა. აღნიშნულ კურსებს ვამზადებთ გამოსაცემად. ვფიქრობთ, იგი დახმარებას გაუწევს ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

ასისტენტ-პროფესორი ჰარუნ ჩიმქე: მიმდინარე სასწავლო წელს განყოფილებას შეუერთდა სპეციალისტი გიულ მუქერემ ოზთურქი. მან ყარსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის დასრულების შემდეგ სამაგისტრო პროგრამა გაიარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წელს კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ორჰან ქემალის რომანების ქართული თარგმანები“ (ხელმძღვანელები: ასცირებული პროფესორი ელგუჯა მაკარაძე და ასოცირებული პროფესორი ლილე თანდილავა) და მიიღო ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენა, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობისა, ისწავლება ისტორიის სპეციალობის მეორე კურსზე, როგორც არჩევითი საგანი, ორი სემესტრის განმავლობაში. აღვნიშნავთ, რომ აქაც საკმაოდ დიდია სტუდენტთა ინტერესი ქართულის შესწავლისა. 30-32 სტუდენტი ირჩევს ქართულ ენას. უნივერსიტეტის სტრუქტურაში ფუნქციონირებსენათა შესწავლის ცენტრიც.

ახალი სასწავლო წლიდან რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა ელოდება სტუდენტთა ახალ ნაკადს. პროფესორ-მასწავლებლები დარწმუნებული არიან, რომ ამ სპეციალობაზე გაზრდილი ახალგაზრდები მომავალში ორი ქვეყნის ურთიერთობის საკეთილდღეოდ დიდ საქმეს გააკეთებენ.

------------

აი, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელიგადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“.

ჩვენ დღეს გიამბეთ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის პერსონალის შესახებ რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში. დამეთანხმებით, რომ თურქეთის საგანმანათლებლო სივრცეში ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამა, კერძოდ, უმაღლეს სასწავლებლებში „ქართული ენისა და ლიტერატურის“ სპეციალობის გახსნა, სკოლებში ქართული ენის არჩევით საგნად შემოღება და ქართული ენის შემსწავლელი კურსების ამოქმედება, გარდა იმისა, რომ წაადგებათ თურქში მცხოვრებ ქართველებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, არ მოსწყდნენ საკუთარ ფესვებსა და მშობლიურ ენას, ნამდვილად შეუწყობს ხელს თურქეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობის განმტკიცებას და გაღრმავებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930