10-11-2018
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში არც დენის და არც გაზის ტარიფი არ მოიმატებს.
როგორც თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, დღეს ტარიფების გაზრდის არანაირი მიზეზი არ არსებობს.
„უახლოეს პერსპექტივაში არც დენის და არც გაზის ტარიფი არ მოიმატებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამის წინაპირობა არ არსებობდეს. აქვე განვმარტავ, რომ ელენერგიის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან აქტიურად, ბაზრის გახსნის რეფორმას ვატარებთ, რის შედეგადაც მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლები თავისუფალ ბაზარზე გამოდიან და მოსახლეობას და მცირე ბიზნესის ტარიფებს ნაკლებად აწვებიან, ეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. მეორე გარემოება კი ისაა, რომ 2018 წელი ჰიდროლოგიურად წყალუხვი პერიოდი იყო და სადისტრიბუციო კომპანიებს საშუალება მიეცათ, შედარებით იაფიანი ენერგია შეეძინათ. ამიტომ, ტარიფების გაზრდის ვერანირ მიზეზსა და მოთხოვნებს ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ“-განაცხადა ნათია თურნავამ.