გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია: მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში

11-11-2018

დედაქალაქის მერია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს, რომელიც პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა.


სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დეკემბერში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.


საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ და განვმარტოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისადმი.


მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება.


მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწლიურად, ტრადიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში - აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.


დედაქალაქის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს. თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი.


მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930