გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება

12-11-2018

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება, რომლის ორგანიზატორია საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერებიკი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფორუმის სამდღიანი პროგრამა „საფერავის ფესტივალს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაციებს“ მოიცავს. ფორუმის დასკვნითი ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვეობას ეძღვნება. წარმომადგენლობით სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გაიმართება, მონაწილეობას მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ. გასული წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS)  სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8 ათასი წლის წინ აყენებდნენ. კონფერენციის ძირითადი თემაც აღნიშნული სამეცნიერო დასკვნა იქნება.

„საფერავის ფესტივალს“, რომელსაც აშშ-ში საქართველოს საელჩო მასპინძლობდა, 400-მდე სტუმარი დაესწრო - ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო წრეებიდან, ასევე ღვინის იმპორტიორები და სხვადასხვა რესტორნებისა და მაღაზიების ქსელების წარმომადგენლები. „საფერავის ფესტივალზე“ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების წარმოებული 25 საფერავის ღვინო.

ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმს“ ესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. 

ნოდარ კერესელიძის შეფასებით, მსგავს ფორმატში ქართული ღვინის წარდგენა მიანიშნებს, რომ საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები.

„ერთი წლის წინ, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქართული ღვინო დღეს განვითარებული და თანამედროვე ინდუსტრიაა. წლიდან წლამდე იზრდება როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ქართული ღვინის ხარისხი. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ და მზარდ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ელჩის განცხადებით, სწორედ ქართული ღვინის მიმართ მზარდ ინტერესზე მიანიშნებს „ქართული ღვინის ფორუმის“ პირველი ღონისძიება „საფერავის ფესტივალი“, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო, რომელთა უმრავლესობას სწორედ ღვინის პროფესიონალები წარმოადგენდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031