12-11-2018
რუსეთის რადიოკომპანია «Эхо Москвы»-ს პროგრამაში «Будем наблюдать» მთავარი რედაქტორი ალექსი ბენედიქტოვი, კორესპონდენტ სერგეი ბუნტმანთან საუბრის დროს, პასუხობს რადიომსმენელის კითხვას - თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ.
ალექსი ბენედიქტოვი: ბუნებრივია, ვაკვირდები არჩევნების პროცესს. ვიცნობ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ გრიგოლ ვაშაძეც და სალომე ზურაბიშვილიც აბსოლუტურად პროქართული კანდიდატები არიან. ნუ დაიწყებთ „რუსული ხელის“ ძებნას. ერთიც და მეორეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ. რასაკვირველია, გრიგოლი უფრო ახლოს არის მიხელ სააკაშვილთან. როგორც ვიცი, განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ამნისტიას თუ რეაბილიტაციას მოახდენს და მას საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებს... ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა მიდის, თანაც თანაბრად. ეს ჩემთვის სასიხარულოა. საქართველო ძალიან მიყვარს. მართალი გითხრათ, ვგეგმავდი კიდეც გრიგოლთან შესხვედრას - იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. შეგახსენებთ, რომ იგი დიდი ბალერინის ნინო ანანიაშვილის ქმარია. ინტერვიუ მისგან სხვა დროსაც ამიღია - ამას ჩვენი რადიოს საიტზეც ნახავთ. ეს იყო იმ დღეებში, როცა გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი უნდა განეცხადებინა. მას არ უნდოდა რუსეთის მოქალაქეობის დატოვება. ეს გრძელი ისტორიაა. არც [რუსეთის] საგარეო საქმეთა სამინისტროს არ სურდა, მაგრამ რადგანაც უკვე ომი მოხდა, ცხადია, მისთვის უკვე უადგილო და უხერხული იყო...
ვფიქრობ, რომ ორივე ღირსეული პიროვნებაა, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, მაგრამ იმის გამო, რომ გრიგოლს პირადად ვიცნობ, უფრო მეტად მას ვგულშემატკივრობ - ჩუმად, ჩემთვის. ზუსტად ვიცი, რომ თუ მას აირჩევენ, იგი მე ინტერვიუს მომცემს.
სერგეი ბუნტმანი: რადიომსმენელი ვერა გვეკითხება: სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი?
ალექსი ბენედიქტოვი: მე მიხეილ სააკაშვილის პრეს-მდივანი არ ვარ, მაგრამ როგორც ვიცი, იგი ამჟამად ჰოლანდიაში იმყოფება, თავის ოჯახთან ერთად. იგი უმცროს ვაჟს ზრდის, ძალიან სასაცილო ბიჭია... ჯერ-ჯერობით მიხეილ სააკაშვილი კერძო პირია, თუმცა მის მოქმედებას თვალს არ ვადევნებ. წაიკითხეთ მისი ბოლო ინტერვიუ, რომელიც ჩვენ მოგვცა, მგონი, ნიდერლანდებიდან. აგვისტოს ომის მორიგ წლისთავზე.
სერგეი ბუნტმანი: რადიომსმენელი რომანი გვწერს: „ეს იგი, მიხეილ სააკაშვილი მთლიანად საქართველოზე გადაერთო და მას უკრაინა აღარ აინტერესებს?“
ალექსი ბენედიქტოვი: მას ხომ უკრაინაში ყველაფერი წაართვეს. ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილში რეალურ კონკურენტს ხედავს. იგი იძულებული გახადეს საქართველოზე გადართულიყო. მიხეილ ნიკოლოზოვიჩს, მისი სადაო პოლიტიკური კურსის მიუხედავად, მაინც მებრძოლად ვთვლი.
წყარო: «Радио Эхо Москвы» (რუსეთი)