13-11-2018
1970 წელს პოლიტოლოგ სემიუელ ჰანთინგთონის მიერ დაარსებულ ამერიკულ ჟურნალის «Foreign Policy»-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, მიმოხილულია საქართველოში არსებული სიტუაცია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და ერთმანეთთან არის შედარებული ვითარება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ჟამს, ასევე „ქართული ოცნების“ დროს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სააკაშვილის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც ავტორი აღნიშნავს, „მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის 61.36%-მა ხმა მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა არა მისი და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, არამედ ეკონომიკაა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვით, ქართველთა 62%-მა მთავარ პრობლემად უმუშევრობა, „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებები და ეკონომიკის ზოგადი გაუარესება დაასახელა. “კონტრასტისათვის ჩემს პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,“ საფრთხედ მხოლოდ 3% აღიქვამს“.
„მიმდინარე წლის აპრილში ქართველების 67% თანხმდებოდა, რომ „საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის“. 2012 წელს ჩემი პარტიის ყველაზე დაბალი პოპულარობის დროსაც კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 31% იყო“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს 2013 წელს ერთი დოლარის ყიდვა 1.60 ლარით იყო შესაძლებელი, ახლა კურსი 2.80-ია. მიუხედავად იმისა, რომ ისეთმა გარეშე ფაქტორებმა, როგორიცაა სავაჭრო პარტნიორების ვალუტის გაუფასურება, 75%-ით ლარის გაუფასურება გამოიწვია, „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ფისკალურმა პოლიტიკამ, რაც ინფლაციის მთავარი მიზეზია“, - ხაზს უსვამს ექს-პრეზიდენტი.
სტატიაში მიხეილ სააკაშვილი ეხება ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის საზოგადოების აღშფოთებას კორუფციის და უსამართლობის თაობაზე. იგი იხსენებს „რუსთავი-2“-ის რეპორტაჟს ირაკლი სესიაშვილის ქონების შესახებ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამის გამართლების მცდელობას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლებაში ყოფნისას კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების შემდეგ ეს ქართველებისათვის დიდი იმედგაცრუებაა.
გარდა ამისა, ავტორი წერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, სამართლის აღუსრულებლობაზე და ამნისტიაზე: „2012 წელს გამარჯვების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტია გამოუცხადა ათასობით დამნაშავეს, რომელთაც ჩემი „რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები“ უწოდეს. კრიმინალური რეფორმისადმი ამ მცდარმა მიდგომამ ტრაგედიები გამოიწვია. უკანასკნელმა შემთხვევამ, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობამ ქვეყანა შოკში ჩააგდო - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებამ გაიგო, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კრიმინალური წარსულის მქონე პედოფილი იყო და მას ამნისტია პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიანიჭა. მე ვაპროტესტებდი პირველ მასობრივ ამნისტიას 2012 წელს, განსაკუთრებით პედოფილების გამო, მაგრამ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ჩემი ვეტო დაძლია“.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო ჰქონდა დაპირებების შესასრულებლად, თუმცა ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ: „მე საქართველოს გარეთ უკვე ხუთი წელია ვცხოვრობ, როცა მმართველმა პარტიამ ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტზე კონტროლის კონსოლიდაცია მოახდინა. ჩემმა ადმინისტრაციამ ააშენა ეს ინსტიტუტები და „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია. „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო და რესურსები ჰქონდა 2012 წელს ამომრჩევლისათვის მიცემულ დაპირებათა შესასრულებლად, მაგრამ პოლიტიკური ნება აკლდათ“-წერს სააკაშვილი.
წყარო: «Foreign Policy»(აშშ)