15-11-2018
სტატიაში, რომელსაც დიდტირაჟიანი რუსული გამოცემა, «Комсомольская правда» აქვეყნებს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, განხილულია რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დამოკიდებულების საკითხები.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სერგეი სტრელცოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციის სტრუქტურაში გამოკვეთილია ერთი თემის რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც თავიანთი ქვესათაურები აქვთ.
არატრადიციული ევროპული ორიენტაცია
ანტირუსული დემარშისათვის პარტია „გირჩის“ წევრებმა, თავიანთი ლიდერის, პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის თაოსნობით ექსცენტრიული ფორმა აირჩიეს - საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ „საზღვართან“ (სოფელ ატოცში), სადაც რუსი მესაზღვრეები, ცხინვალ-მოსკოვს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით მიჯნებს იცავენ, „ისინი ერთად ჩამწკრივდნენ, რამდენჯერმე შესძახეს - „რუსეთი ოკუპანტია!“, შარვლები ჩაიხადეს და უკანალები სამხრეთ ოსეთის მხარეს მიუშვირეს. ქართველების ამ ლოკალურმა კომიკურმა ქმედებამ სოციალურ ქსელებში მწარე და სატირული კომენტარები გამოიწვია „ევროპულ არატრადიციულ ორიენტაციასთან“ დაკავშირებით. სიცილი სიცილად, მაგრამ ასეთ ქმედება მთელი ქართული პოლიტიკის არსს ასახავს ე.წ. „დაკარგული ტერიტორიების“ მიმართ, როგორებადაც თბილისი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს. საქართველოს მიერ რეკლამირებული ე.წ. „მშვიდობიანი ინიციატივები“, რომლებიც ვითომდა ხელს უნდა უწყობდეს ახალგაზრდა რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზებას, რეალურად მხოლოდ პიარ-პროექტებს წარმოადგენს, რომლებიც შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და დასავლელი პარტნიორების წინაშე ანგარიშის ჩასაბარებლად.
გულუხვი დაპირებები
საქართველოსა და ევროკავშირს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველომ, დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით, აქტიურად დაიწყო „ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციასთან“ დაკავშირებული სტრატეგიის რეალიზება. 2018 წლის აპრილში აწ უკვე ყოფილი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ფართოდ იქნა გაპიარებული „შერიგების ინიციატივის პროგრამა“ სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საქართველოს გავლენის სფეროში დასაბრუნებლადაა მიმართული.
სტატიის ამ ნაწილში ავტორი ეხება „ოკუპირებული ტერიტორიების“ მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამას: ამ მიზნით საქართველოს ბიუჯეტიდან იმდენი თანხა გამოიყოფა, „რამდენიც საჭიროა, მაგრამ არა უმეტეს 15 ათას ლარი თითოეულ პაციენტზე. კაცმა რომ თქვას, თანხა საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი მარტივი არ არის: აფხაზეთის მცხოვრებლებმა ამბულატორიულ მკურნალობაზე და განსაკუთრებით დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე თავიანთი ფული უნდა გადაიხადონ, რაც წინ უძღვის ჰოსპიტალიზაციას და ექიმების ოპერატიულ ჩარევას. გარდა ამისა, პროგრამის მიმართ უკმაყოფილება არსებობს თვით ქართულ მოსახლეობაშიც - რატომ უწევს თბილისი სამედიცინო დახმარებას აფხაზებს (ოსებს), ქართველების საზიანოდო. ტყუილად კი არ თქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა - „სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროგრამის თაობაზე ყველაფერი საჯაროდ ვთქვათ, რადგან არ გვსურს ამ მიმართულებას საფრთხე შეექმნასო“.
და თუ გავითვალისწინებთ, რომ პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მნიშვნელოვან თანხებს ითხოვს, დამტკიცებული არაა და საქართველოს ბიუჯეტი ამ ხარჯების გარეშეა შედგენილი, ხოლო ბიუჯეტის კორექტირება პარლამენტში დაგეგმილი არ არის, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს აფხაზებისათვის ამ პროგრამითაც არაფერი სერიოზულის შეთავაზება არ ძალუძს. ასე რომ, სახელმწიფო მინისტრის მცდელობა პროგრამის „გასაიდუმლოების“ მიზნით მხოლოდ მის „ბუქსაობას“ ადასტურებს, გინდაც ირიბად. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ქართული გაზეთები და ევროპული მასმედია სავსე იქნებოდა ამ საკითხში საქართველოს მიღწევების აღმნიშვნელი მოხსენებებით.
შეწყდეს თვალთმაქცობა
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მალე მეორე ტური გაიმართება. სრულიად შესაძლებელია, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში საღად მოაზროვნეთა ხმებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ. როგორც ბევრი პოლიტოლოგი აღნიშნავს, თუ თბილისს მართლაც სურს გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების გაყინული პროცესის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრა და თვალთმაქცობას მოეშვება („უკეთესი ცხოვრების“ დაპირებებით!), მაშინ რამდენიმე პრინციპული ნაბიჯი უნდა გადადგას.
დასაწყისისათვის თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი კონტაქტები უნდა აღადგინოს და აღიაროს, რომ ისინი მასთან მიმართებით ორივე თანაბარუფლებიანები არიან. საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს იმდენად, რამდენადაც მოსკოვის მონაწილეობის გარეშე კონფლიქტის გადაწყვეტა შეუძლებელია. თბილისმა ისიც უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის ორგანიზებით, სანქციებით და სხვა საშუალებებით ზემოქმედება სიტუაციის ჩიხში შეყვანის გზას წარმოადგენს. ასეთი ხერხებით მოსკოვის იძულება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევაზე უბრალოდ წარმოუდგენელია. არადა, რუსეთი საქართველოს დაეხმარებოდა „იმიჯის შენარჩუნებაში“, მეზობლებთან ურთიერთობის აწყობის დროს.
მაგრამ ჯერ-ჯერობით საქართველო უპირატესად იმას ცდილობს, რომ საჯაროდ მოახდინოს თავის პოლიტაქტივისტთა „მეხუთე წერტილების“ დემონსტრაცია. ამ გზით კი ერთადერთი, რასაც შეიძლება თბილისმა მიაღწიოს - როგორც ამას რუსეთში უწოდებენ - ესაა „შარვალჩახდილად, შიშველი უკანალით“ დარჩენა.