გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე საექსპერტო სამუშაოები მიმდინარეობს

16-11-2018

ზემო ფონიჭალაში N23 საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების ხარისხისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ამ დროისთვის საექსპერტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აფეთქების ადგილზე შესაბამის სამუშაოებს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები ატარებენ.

„როგორც იცით, აფეთქებიდან რამდენიმე წუთში, კორპუსს ყველანაირი კომუნიკაცია შეუწყდა, თუმცა დღის ბოლომდე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგათ. დღესვე, მუშაობას დაიწყებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და წყალმომარაგებაც უახლოეს პერიოდში აღდგება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, როგორც კი დასრულდება შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და მომზადდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, თბილისის მერია დაზიანებული კორპუსის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს.

„სანამ ყველა რისკი არ იქნება თავიდან აცილებული და სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს კორპუსი არის საცხოვრებლად უსაფრთხო, იქამდე მოსახლეობა დარჩება დროებით საცხოვრებლებში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები გუშინვე კრწანისის რაიონის გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო და სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930