21-01-2018
მსახიობ ლაურა რეხვიაშვილს უფლის რწმენა და შიში პატარა ასაკში ჩაესახა, როცა სკოლის მოსწავლემ სასწაული საკუთარ თავზე გამოსცადა.
ამის შესახებ რეხვიაშვილმა ჟურნალ „სარკესთან” ისაუბრა.
მისი თქმით, ძალიან პატარა იყო, როდესაც ალავერდის ტაძარი ექსკურსიაზე მყოფმა პირველად იხილა. მანამდე კი მეზობელმა იესოს ხატის შესახებ უამბო, რომელიც საითაც წახვალ თვალს იქით გამოგაყოლებსო.
„როდესაც ხატს შევხედე, მეზობელი ქალის სიტყვები გამახსენდა. ყველა რომ გავიდა, დავდექი და ჯერ მარჯვნივ გავიქეცი, შემდეგ მარცხნივ და ვხედავდი, რომ ხატი მიყურებდა. კიდევ ერთელ გავიქეცი მარჯვნივ, ფეხი ქვას წამოვკარი, არ ვიცი ეს ქვა იქ საიდან გაჩნდა, ავიღე, ხატს დავუმიზნე და პირდაპირ თვალში გავარტყი”,- განაცხადა მსახიობმა გამოცემასთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა ისიც, რომ ამის შემდეგ ბავშვებთან თამაში გააგრძელა და როდესაც სახლში მივიდა, მაშინ დაიწყო კოშმარი. რაღაცები ელანდებოდა და ძალიან ცუდად ხდებოდა. ხელი კი პრაქტიკულად გაუჩერდა.
„ვერავინ იგებდა რა მჭირდა, მაგრამ ბოლოს სოფლის მლოცველთან მიმიყვანეს. როდესაც ამ ქალმა ლოცვა დაიწყო, სხვადასხვა სალოცავებს ჩემ გამოჯანმრთელებას ევედრებოდა, ხოლო როდესაც ალავერდი ახსენდა, მატყლის გასკვნილი ფთილა გაიხსნა და ჩამოვარდა. ახლა კი მივხვდი, რომ მწუხარებაში ვიყავი და ალავერდის ტაძრის მოსალოცად წავედი”,- განაცხადა ლაურა რეხვიაშვილმა.
როგორც მსახიობმა განაცხადა, ამის შემდეგ დაიწყო ამ ამბის მოყოლა და ხვდებოდა, რომ შიშისგან ნელ-ნელა თავისუფლდებოდა.
„დედამ ტაძარს ჩოქვით შემოუარა, ილოცა და სახლში დავბრუნდით. ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი, სკოლაში სიარულიც დავიწყე და აღარაფერიც აღარ მაწუხებდა”,- განაცხადა რეხვიაშვილმა.