გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
სააკაშვილმა ფინურ პრესასთან ინტერვიუში აღიარა, რომ „რუსთავი 2“ მისი მხარდამჭერი არხია

18-11-2018

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ იგი იმ რუსული კამპანიის ობიექტად გადაიქცა, რომლის მიზანს პოლიტიკოსებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს: „ვლადიმერ პუტინი ისევ ჩემს შესახებ ლაპარაკობს. იგი პრეს-კონფერენციების დროსაც მახსენებს. მე მისთვის სიმბოლო გავხდი, რომლის თავიდან მოშორება სურს“, - ამბობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ფინური გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მას ჟურნალისტმა კასპერ სუმანენმა ჩამოართვა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინტერვიუს რეზიუმეს მცირე შემოკლებით:


მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი ჰაკერული შეტევის მსხვერპლია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ხორციელდება: „ბოლო დროს ჩემი ელფოსტა რამდენჯერმე გატეხეს. ჰაკერული თავდასხმა იმ ტელეარხზეც განხორციელდა, რომელიც მე მხარს მიჭერს საქართველოში, ასევე მის ვებ-გვერდზეც. ჩვენი პარტიის საიტიც დააზიანეს“, - ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა.


„მხოლოდ რუსეთს აქვს ჰაკერული თავდასხმების რესურსები. უშიშროების ქართულ სპეცსამსახურებს ამგვარი შესაძლებლობები არ აქვთ“, - დარწმუნებულია ექს-პრეზიდენტი.


მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქმე ეხება ძალიან კარგად მომზადებულ ჰაკერულ შეტევებს, რომლებიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ვლადიმერ პუტინს არ მოსწონს.


„მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა 2004-2013 წლებში, სამშობლო მას შემდეგ დატოვა, როცა მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. კავკასიური ქვეყნის ამჟამინდელმა მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი დასდო მრავალ დანაშაულში და დაუსწრებლად გაასამართლა. ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს პოლიტიკური ხასიათი აქვთ“-წერს ჟურნალისტი.


მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა კიევში ევრომაიდანს, მოგვიანებით უკრაინელი პოლიტიკოსი გახდა - 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო (იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა) და პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ორიოდე წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს აუმხედრდა, იგი კორუფციაში დაადანაშაულა და თანამდებობიდან გადადგა. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ გუბერნატორს ბრალი ფულის უკანონოდ მიღებაში დასდო და უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. საბოლოოდ კი, გასული წლის დეკემბერში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. დღეს იგი არცერთი ქვეყნის მოქალაქე არაა და დროებით ჰოლანდიაში ცხოვრობს.


მიხეილ სააკაშვილის აზრით, მას სირთულეები იმიტომ შეექმნა, რომ იგი იმ ოლიგარქების წინააღმდეგ გამოდის, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და რუსეთში უდიდესი შესაძლებლობები აქვთ. მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებულ სიტუაციას კი იგი დროებითად მიიჩნევს.


თავისი სამომავლო პერსპექტივის თაობაზე კითხვას მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ არ პასუხობს: „მე ორი ქვეყნის ლიდერი პარტიების [ხელმძღვანელი] ვარ“, - ამბობს ექს-პრეზიდენტი და ყოფილი გუბერნატორი. არსებობს ვარაუდი, რომ იგი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მოკავშირე გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დეკემბრის დასაწყისში, წარმატებას მიაღწევს.


მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში, რომელიც ჰელსინკში 7-8 ნოემბერს გაიმართა.




წყარო: «Verkkouutiset» (ფინეთი)


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930