18-11-2018
სტატიაში რომელიც რუსულმა გამოცემა «Московский комсомолец»-მა გამოაქვეყნა, ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბრის დანიშვნის თაობაზე, რომელმაც ოპოზიციის გულისწყრომა გამოიწვია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მტკიცებით, რადგანაც საზღვარგარეთ მათი პოზიციები ძლიერია (სწორედ ქართულმა დიასპორამ მისცა ხმების დიდი რაოდენობა გრიგოლ ვაშაძეს) 28 ნოემბერი კი სამუშაო დღეა, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებთან მისვლას ვერ შეძლებენ, შესაბამისად, ეს ხელისუფლებას აწყობს“, - აღნიშნულია სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მარინა პერევოზკინას ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:
„მართალია, პირველ ტურში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა „დამოუკიდებელმა“ კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების უმეტესობა მიიღო, მაგრამ მეორე ტურის წინ მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ - „ნაციონალების“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დამატებითი ძალა მიიღო პარტია „ევროპული საქართველო“-საგან მხარდაჭერის სახით, რომლის ლიდერები მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობრები და თანამოაზრენი არიან. ამიტომ მათგან ასეთი ნაბიჯი გასაკვირი არაა. შეიძლება ითქვას, რომ „ევროპელი ქართველები“ და „ნაციონალები“ ერთი დრაკონის ორ თავს წარმოადგენენ.
ემიგრანტულ წრეებში გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურშივე გაიმარჯვვა - ხმები 52,71% მიიღო. მისი პოპულარობას დიასპორაში რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველი - როგორც ავღნიშნე, საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა პოზიციები ძლიერია. დასავლეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლები მიშიკოს პროდასავლურ კურსს იწონებენ. უკრაინაში არსებული ქართული დიასპორა კი საერთოდ იარაღით ხელში რუსების წინააღმდეგ იბრძვის; მეორე - გრიგოლ ვაშაძის მთელი ცხოვრების გზა - ეს „დიასპორელი“ ქართველის წარმატების გზაა: ბრწყინვალე კარიერა რუსეთში, შემდეგ კი ტრიუმფალური დაბრუნება საქართველოში. ზოგიერთები კიდეც იმედოვნებენ, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი იქნება, ქართულ-რუსული ურთიერთობებეი შეიძლება გაუმჯობესდესო.
მაგრამ ეს იმედები უსაფუძვლოა ისევე როგორც ის ეჭვები, რომ „გრიგოლ ვაშაძე კრემლის პროექტია“. რა კრემლი, რის კრემლი... გრიგოლ ვაშაძე არის ქართული წარმოშობის მქონე საბჭოთა დიპლომატების მთელი პლეადის ტიპიური წარმომადგენელი.
ამ დიდებული კოჰორტის კიდევ ერთ წარმომადგენელს მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია წარმოადგენს. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ თავის დროზე სწორედ ბიძამ „გაურიგა“ დისშვილს გრიგოლ ვაშაძე...
რაც შეეხება „ნაციონალთა“ პროტესტს არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით, უმჯობესია მათ „ბღავილი შეწყვიტონ“ და თავიანთი ნამოქმედარი გაიხსენონ - შეუფერებელ დღეებში რომ ატარებდნენ არჩევნებს, როგორც მათ ბელადს სურდა: „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი ორჯერ იყო არჩეული პრეზიდენტად და ორივეჯერ საახალწლო დღესასწაულების დროს - 2004 წლის 4 იანვარს და 2008 წლის 5 იანვარს. ანუ ამომრჩევლებმა მას ხმა ისეთ მდგომარეობაში მისცეს, რომ ჯერაც არ იყვნენ აზრზე მოსულები სადღესასწაულო სუფრის შემდეგ. ალბათ, ესეც გათვლილი ჰქონდა პოლიტტექნოლოგიების უებრო ოსტატს. ამ საკითხში დღევანდელები მას ბევრად ჩამორჩებიან.
მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ უნდა შევაფასოთ: მას შეუძლია მოწინააღმდეგეს ისეთ ადგილზე მიაყენოს დარტყმა, სადაც იგი საერთოდ არ ელოდება. ასეთ მეთოდებში და უნარ-ჩვევებში მიშიკოს ბადალი არ ჰყავს. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ აძლევდა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატიც კი არ დაასახელა და ჩათვალა - რადგან პრეზიდენტი ახლა მხოლოდ სიმბოლურ ფიგურას წარმოადგენს, შესაწუხებელ-საფიქრებელიც არაფერიაო. სინამდვილეში კი სალომე ზურაბიშვილის წაგება, რომელსაც მხარს მმართველი პარტია და თვით ბიძინა ივანიშვილი უჭერს, „ქართული ოცნების“ ავტორიტეტს საგრძნობ დარტყმას მიაყენებს და მის რეიტინგს დაბლა დასცემს. დაიწყება ხელისუფლების თანდათანობითი ეროზია, ვითომდა ერთგული ხალხის „მძირავი გემიდან გაქცევა“ და გამარჯვებულის მხარეზე გადასვლა. გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება სტარტს მისცემს მიხეილ სააკაშვილის „მცოცავ“ რევანშს და ვინ იცის, იქნებ მართლაც შეასრულოს საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროს ექს-თანამშრომელმა თავისი დაპირება „მერაბიშვილის და ძმანი მისნის“ (ახალაიების) ციხიდან გათავისუფლების თაობაზე.
კიდევ ერთი საფრთხე არსებობს: იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულად სალომე ზურაბიშვილი გამოცხადდება, „ნაციონალები“ თავიანთ „ახალგაზრდობას გაიხსენებენ“ და შეიძლება 2003 წლის სცენარი გაიმეორონ - დაიწყონ მიტინგები „გაყალბების“ წინააღმდეგ, მათი „ფერად რევოლუციაში“ გადაზრდის მიზნით. სწორედ ამაზე მიანიშნებს „ღია ტექსტით“ გრიგოლ ვაშაძის შტაბის მთავარი პოლიტტექნოლოგი, წარმოშობით ბელარუსელი ვიტალი შკლიაროვი, რომელიც რუსეთში იმითაა ცნობილი, რომ ჩვენი „ნარინჯისფერი“ ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობდა...