გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: მსესხებელს თუ სხვადასხვა ორგანიზაციაში ორი სესხი აქვს, ვალის განულება ამ შემთხვევაშიც შეეხება

19-11-2018

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფი პირების დავალიანებას, რომელიც ჯამში მილიარდ-ნახევარ ლარს შეადგენს, ფონდი „ქართუ“ სრულად დაფარავს.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა შეეხება იმ მსესხებლებსაც, რომელთა კრედიტიც 2 000 ლარს არ აღემატება.

“ბანკებთან ერთად და არა მარტო ბანკებთან, არამედ სხვა ინსტიტუტებთან ერთად - ე.წ. ონლაინ მსესხებლებს რომ ეძახიან, მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა, რის შედეგადაც კონსესუსი იქნა მიღწეული. აქ საუბარია დაახლოებით 600 000 ადამიანზე, ჯამში მილიარდ-ნახევარამდე ლარზეა საუბარი და ამას სრულად ფარავს და ამ ვალდებულებებს სრულად ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

ამასთან, მსესხებელს თუ აქვს ორი სესხი ორ სხვადასხვა ორგანიზაციაში და არ აჭარბებს 2 000 ლარს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომ არის ერთ წელზე უფრო ხანდაზმული, მაშინ შეეხება ვალის განულება,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით დიდი ხანი მზადდებოდა.
„მე მოვიძიე პრემიერ-მინისტრის რამდენიმე ინტერვიუ, ერთი 17 აგვისტოთი და ერთი 17 ივნისით დათარიღებული და შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ შავი სიების პრობლემა გადასაჭრელია და ჩვენ შევეცდებით, რომ შემოდგომაზე გადავჭრათ. შესაბამისად, ეს არის დიდი ხნის თემა.

ჭარბვალიანობა იმ სახით, იმ დონითაც იყო, რასაკვირველია მოგვარდება, თუმცა რაღაც დოზით ყველა ქვეყანაში არსებობს გადაუხდელი კრედიტი, მაგრამ აქ საუბარი მასშტაბზე და ზომაზეა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930