19-11-2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ.ხ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ხ. -მ 2018 წლის 23 ივნისს და 1 ივლისს ქ.თბილისში, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ.კ.-ს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ივლისს, დ.ხ.-მ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ვ.კ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თუ იგი ოდესმე გაბედავდა და პოლიციას მიმართავდა.
სამართალდამცველებმა დ.ხ. 2018 წლის 22 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126- ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა დააღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.