გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"სააკაშვილის დროს 9 ახალგაზრდა მოგვიკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაწვეს" - პანკისელი უხუცესი მალხაზ მაჩალიკშვილს პასუხობს

19-11-2018

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც მაჩალიკაშვილი პანკისელებს საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ხანგოშვილი ამბობს, რომ ეს მოწოდება მისთვის მიუღებელია და პირადად ის, ისევე, როგორც ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი, მხარს სალომე ზურაბიშვილს დუჭერს.


ხანგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაიწვა.


„შევარდნაძის პერიოდში რვა ახალგაზრდა მოგვიკლეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები. სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს - შვიდი ლოპოტას ხეობაში და ორიც მანამდე ცოცხლად გამოწვეს სახლში. ერთ-ერთი ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ტყვია ჰაერში დაახალეს. ასე რომ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჩვენთვის უცხო არ არის. როდესაც საკითხი დგას მთელი ხეობის, ჩვენი ეთნოსის კეთილდღეობაზე ცოტა სხვა ჭრილში გვამრთებს ვითარების შეფასება. ჩემს აზრზე პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანია და მათ ვერავინ უკარნახებს, ვის უნდა მისცენ ხმა“ - ამბობს ხასო ხანგოშვილი.


ის არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოწოდებას და ფიქრობს, რომ ადგილობრივი ქისტები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას.


„ვისაც ვინ უნდა იმას მისცემს ხმას. ძალიან კარგად ვიცით, რა დამოკიდებულება ჰქონდა მაგ ხალხს პანკისის მიმართ. ხალხი ბრძენია და თვითონ გაარჩევს, ვის დაუჭიროს მხარი. პირადად ჩემთვის მიუღებელია ამ ქალის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს კამპანია. მე მხარს ვუჭერ მას, რადგან ის ჩემთვის ასოცირდება მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ალექსანდრე კარგარეთელთან, ელიზბარ მაყაშვილთან.


ადამიანებთან, რომლებიც ქისტების უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ბევრი ქისტი ამ ჯგუფიდან შეეწირა კიდეც ბრძოლას. ამიტომაც მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს. მიმაჩნია, რომ კანდიდატებს შორის ის ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. შეუძლია სწორედ წარმართოს საგარეო პოლიტიკა, ამასთან ერთად, არის კარგი დიპლომატი და შესაფერისი გამოცდილებაც გააჩნია“, - აცხადებს ხასო ხანგოშვილი.
რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ხასო ხანგოშვილი იმედოვნებს, რომ ამ საქმეში არსებულ კითხვებს ხელისუფლება დროულად გასცემს პასუხს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930