გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

26-11-2018

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


მთავრობის მეთაურის დავალებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც  მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს  გადახედავს. შეფასდება კანონის მიერ მოტანილი სარგებელი და შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კანონის მოქმედების არეალის გაფართოების კუთხით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტია მთაში მცხოვრებთა მაქსიმალური ხელშეწყობა და მოსახლეობის დაბრუნება, რაც კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს.


მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა მთის პრობლემატიკისთვის კიდევ უფრო მეტი ყურადღების დათმობის აუცილებლობას და მთაში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების დროულად და ეფექტიანად მოგვარების აუცილებლობას.  


საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნება. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომდევნო სასწავლო წლისთვის მომზადება მთის ფონდიდან დაფინანსდება.


გარდა ამისა, საქართველოში დაწესდება მთის კვირეული, რომელიც ხელს შეუწყობს მთისა და მთის კურორტების განვითარებას და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.


მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 1730 დასახლებას  მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სადაც მცხოვრები 243 000 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობს.


2017 წლის განმავლობაში, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცემულია 66 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება და დანამატები, რათა მთის მცხოვრებლებს  პირობები შეუმსუბუქდეთ და მთაში შენარჩუნდეს მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031