გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დასავლეთ   საქართველოში  ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება

27-11-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინიციატივით, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება. ინიციატივის განხორციელებაში აშშ-ის  აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) და სათემო კოლეჯების საერთაშორისო გაერთიანება (CCID) სრულად ჩაერთვება. ახალი ინიციატივა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრის შემდეგ,  როგორც ამერიკელმა, ისე ქართველმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს და ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

 

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ინიციატივის თანახმად, მრავალპროფილიანი, მულტიპროგრამული  სასწავლო-საწარმოო კოლეჯი, თავისი შინაარსის, დანიშნულების, ფუნქციებისა  და სტატუსის მიხედვით ამერიკული სათემო კოლეჯის ანალოგი იქნება. კოლეჯი თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულებად სრულიად  გარდაიქმნება,  რომელიც უზრუნველყოფილი იქნება  უახლესი სახელოსნოებითა და ლაბორატორიებით, მრავალპროფილიანი პროგრამებითა და პედაგოგთა მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც თავის მხრივ რეგიონალურ ბიზნესთან უწყვეტ თანამშრომლობას და  ამ გზით რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფენ.

 

რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით კოლეჯი მოამზადებს ტექნიკურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებით: სხვადასხვა მიმართულების სამოქალაქო-სამშენებლო, საგზაო-საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო (აეროდრომების) მშენებლობა სატრანსპორტო სისტემების მომსახურების, მენეჯმენტი და ლოჯისტიკა; მანქანათმშენებლობა და შემკეთებელი საწარმოები;   სოფლის მეურნეობის (აგრონომია, მეცხოველეობა, ვეტერინარია) და მასთან დაკავშირებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოებების სხვადასხვა მიმართულებების ტექნოლოგიები; წყალთამეურნეობა და სარწყავი სისტემები და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული აგროეკოლოგია;  საწარმოო ნარჩენების გადამუშავება; სატყეო მეურნეობებისა და ნაკრძალების მენეჯმენტი; გარემოზე  დაკვირვება და მონიტორინგი და სხვა.

 

როგორც ცნობილია, დიდი ჯიხაიშის ტექნიკური სასწავლებელი ნიკო ნიკოლაძის მიერ არის დაარსებული და მისი ადგილმდებარეობა სერიოზული ეკონომიკური კვლევების შედეგად იყო შერჩეული, რათა  იმერეთის  რეგიონი უზრუნველეყოთ სათანადო საწარმოო-ტექნიკური კადრებით. შესაბამისად, ახალი ინიციატივა დასავლეთ საქართველოში მზარდი ეკონომიკური ინიციატივების განვითარებასა და სრულყოფას  შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031