27-11-2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ქვეყანა ან დაადასტურებს იმას, რომ უკვე უკან ჩმოიტოვა პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდი და ევროპულ ოჯახში თავის ადგილს იმსახურებს, ან მისი იმიჯი, როგორც რეფორმირებული დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი სერიოზულად დაზარალდება და უკან, პოსტსაბჭოურ გაურკვევლობაში დაბრუნდება.
ყველაზე მთავარია, რომ არჩევნები მშვიდად, თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს, რომ მხარეები მოსახლეობის არჩევნის შედეგებს დათანხმდნენ იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს. პირველი ტურის დროს ემოციები დამუხტული იყო, პოლიტიკური დებატები ხშირად შეურაცხყოფაში გადადიოდა, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ეს ყველაფერი სახალხო მღელვარებასა და ძალადობაში გადაზრდილიყო. მშვიდობიანი და საერთაშორისო დონეზე დადებითად შეფასებულ არჩევნების მეორე რაუნდს შეუძლია ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს მიერ ევროპული გზის გაგრძელება.
საქართველო უკვე გამონაკლისად ითვლება პოსტსაბჭოთა სივრცეში. სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით (ბალტიისპირეთის გარდა), საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია დემოკრატიულ-ინსიტიტუციურ მშენებლობაში, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კავკასიის შავიზღვისპირა ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ოპერაციებში, ავღანეთში.
15 წლის წინათ, 2003 წლის ნოემბერში მომხდარმა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში აქტიურად დაიწყო სერიოზული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარება. ქვეყნის დემოკრატიზაციის იმპულსი შენელდა 2007 წლის შემდეგ, როცა იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანტისამთავრობო მიტინგის დასარბევად სპეციალური საპოლიციო ძალები გამოიყენა და ოპოზიციური ტელეკომპანია დახურა.
მიუხედავად ამისა, 2012 წელს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად, პირველად თანამედროვე ისტორიაში, ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა „ქართული ოცნების“ მიერ ახლადშექმნილ მთავრობას. ამასთან, მართალია, თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „ჯოხი გადაღუნა“, წინა მთავრობის ზოგიერთი წევრი დააპატიმრა, მაგრამ მოგვიანებით სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა.
ექვსი წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი მონაპოვარი აღინიშნა - ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა და დაინიშნა მეორე ტური, რაც ნამდვილ დემოკრატიულ პროცესზე მოწმობს.
დღეს საქართველოს წინაშე კვლავ დგას გამოწვევები: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მთლიანად პოლიტიზებულია, მსხვილი პროსამტავრობო და ოპოზიციური ტელეარხები ღიად აგიტირებენ თავიანთ კანდიდატებს, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი კი მმართველ პარტიას აფინანსებს. რუსეთი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ხშირად იყენებს დეზინფორმაციას და კიბერშეტევებს. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ერთი მხრივ, თუ საქართველო ვერ ჩაატარებს მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებს, მაშინ ევროპულ დედაქალაქებში მყოფი სკეპტიკოსებისათვის ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ქვეყანა მზად არაა იყოს დასავლეთის ნაწილი. ეს იქნება ტრაგედია იმ ქართველი რეფორმატორებისთვის, რომლებმაც ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენეს. მეორე მხრივ, წარმატებული არჩევნები, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ნიშნავს ქართველი ხალხის ჯილდოს, რომელიც დაადასტურებს ქვეყნის დასავლურ კურსს, თავისუფლებისადმი სიყვარულს და რომელიც აფასებს ღია საზოგადოებას. საქართველოსათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იაროს დასავლური გზით, რათა ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრი გახდეს.
თუ საქართველო გახდება სტაბილური დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ასევე უკრაინის, სომხეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის, რუსეთის ჩათვლით.
მოკლედ, საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები იქნებოდა ნამდვილად წაუგებელი მომენტი როგორც თვით საქართველოსთვის, ასევე დასავლეთისა და პოსტაბჭოთა სივრცისათვის.