გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: თუ ვინმე ჩემს პრინციპებს ეჭვქვეშ დააყენებს, დამოუკიდებლობას დავიცავ

30-11-2018

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაზე რთული მისთვის ამ თანამდებობაზე პირველი რამდენიმე თვე იქნება. ეს განცხადება ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ამ პერიოდში აუცილებელია ხალხი გაერთიანდეს.

„პირველი რამდენიმე თვე იქნება რთული, როდესაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, განსაკუთრებით ასეთი ხისტი კამპანიის შემდეგ. პირადად მე მესხმოდნენ თავს. ძალიან ბევრი ყალბი ახალი ამბავი გავრცელდა. ეს საბჭოთა სტილის ყალბი ახალი ამბებია, რომელთა შესახებაც აშშ-სა და ევროპაში უკვე ვიცით. მე „კაგებეს“ აგენტსაც კი მეძახდნენ. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ამის სჯერათ. თუმცა, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვოთ, დავწყნარდეთ და გაერთიანების პროცესი წამოვიწყოთ, რაც ამ ქვეყანაში წლებია არ მომხდარა.

ეს იოლი არ იქნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს ოპონენტსაც, რომელმაც ამ დრომდე არ აღიარა არჩევნების შედეგი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა

ჟურნალისტის კითხვაზე, შეძლებს თუ არა ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი პასუხობს, რომ პრინციპების დაცვას შეძლებს.

„ბევრი ამბობდა, რომ მე მმართველი პარტია საერთოდ არ დამიჭერდა მხარს. ხალხი ამბობდა: „მას არ დაუდგებიან გვერდით, ის ზედმეტად დამოუკიდებელია. ის ძალიან ხისტია“.

ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრების და კარიერის განმავლობაში დამოუკიდებელი ვარ. საფრანგეთში ის ხალხი, ვინც მიცნობს, ამას დაადასტურებს. მაშინაც დამოუკიდებელი ვიყავი, როდესაც სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად დამნიშნა. როდესაც ჩემს პრინციპებს პატივს აღარ სცემდნენ, ჩვენი გზები გაიყო. ეს დამოუკიდებლობის ის ხარისხია, რომლის შენარჩუნებასაც ვაპირებ. მზად ვარ თანამშრომლობისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ წყნარი ქვეყანა გვჭირდება, სადაც მუშაობს პარლამენტი და მთავრობა და ჩვენ უნდა მოვძებნოთ ურთიერთწმენდების გზები. თუმცა, თუ ვინმე ჩემს პრინციპებს ეჭვქვეშ დააყენებს, ჩემს დამოუკიდებლობას დავიცავ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930