10-12-2018
არჩევნები დასრულდა და ახლა ყველა არმაგედონის მოლოდინშია. ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შემდეგ, არაერთი მუნიციპალიტეტის მერი თუ საკრებულოს თავმჯდომარე დაფიქრდა და ჩაფიქრდა საკუთარ მომავალზე. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ რამე ახლის მოფიქრება საჭირო არ არის - მაისში მინიმუმ სამ ოლქში გაიმართება არჩევნები - მთაწმინდაზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, რადგან სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ზუგდიდის, ხულოსა და ჭიათურის მერებმათანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს, მარნეულის მერის საქმე ძიებაშია და სანამ კანონიერ ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი არ შევა, იქ ვადამდელი არჩევნები ვერ გამოცხადდება და სავარაუდოდ, მარნეული ახალ მერს ან ოქტომბერში აირჩევს, ანაც... კანონის მიხედვით, თუ ოფიციალურ არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები რჩება, მერის არჩევნები არ დაინიშნება, ანუ თუ თემურ აბაზოვის ადვოკატებმა საქმე ჯერ სააპელაციოში წაიღეს, მერე კი უზენაესში, პროცესი შესაძლოა ისე გაიწელოს, მარნეული მერის მოვალეობის შემსრულებლის იმედად დარჩეს ბოლომდე.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დანარჩენი საქართველოს მერები ჩაფიქრებული დადიან. სადაც სამი, იქაც ათი, მარტივი დასათვლელ-გასათვლელია და თანაც, ივანიშვილს ხმამაღლა შეეძლება თქვას, აგერ, დანაპირებს ვასრულებ და იმ ადამიანებს, ვინც მოსახლეობის სამსახურში არ იდგა, ხელისუფლებიდან ვუშვებო, თუმცა...
«რეალურად, მშვიდად მხოლოდ კახა კალაძეა, რადგან მას მოხსნა არ ემუქრება. აი, დანარჩენები კი, შეიძლება ითქვას, შავ დღეში არიან. იმის მიუხედავად, მოიგეს თუ არა მერებმა თავიანთ სამფლობელოში ორივე ტური, რა შედეგი დადეს... შიდა ბრძოლები დაიწყო და ივანიშვილამდე ათასი ტყუილ-მართალი მიაქვთ. რას ნიშნავს ეს?! რას და იმას, რომ, მაგალითად, რომელიმე მერმა დამაჯერებლად მოიგო პირველი და მეორე ტური, მაგრამ გუნდის შიგნით მისი მოწინააღმდეგეები ივანიშვილს ეუბნებიან, რომ ეს კაცი გასაშვებია, ხალხს არ უყვარს და არჩევნები რეალურად მერმა კი არა, ივანიშვილის ავტორიტეტმა მოიგო. აი, შერყეული ჭარბი ნდობის ფონზე, ივანიშვილს იმის გაგონება, რომ სადღაც სწორედ მისმა ავტორიტეტმა გაჭრა, ძალიან სიამოვნებს და ნაბან წყალს შეიძლება ბავშვი არაერთ მუნიციპალიტეტში გადააყოლონ», - გვეუბნება «ოცნების» მაღალჩინოსანი.
მშვიდად არც პარლამენტის წევრები არიან. მაჟორიტარ დეპუტატებს ივანიშვილი მეორე ტურამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ აგრძნობინა, რომ მათი მუშაობით უკმაყოფილოა. უფრო მეტიც, ივანიშვილმა დეტალურად და ყველას თანდასწრებით ჩამოუთვალა დეპუტატებს ის ბიზნესები, სადაც ხელი თუ ფეხი აქვთ ჩაყოფილი დადაემუქრა, რომ ბიზნესი კი არა, პურის ფული გაუხდებათ სანატრელი. ამიტომ დეპუტატები საკუთარი რესურსის მობილიზებასა და დარჩენილი ვადის ყიდვას ცდილობენ.
ახლავე აგიხსნით, ეს რას ნიშნავს - არიან ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილი ბრმად ენდობა, თუმცა ეს ადამიანები არ არიან, მაგალითად, კობახიძე, მდინარაძე ან თალაკვაძე. მას ჰყავს შიდა, ახლო გარემოცვა და საუბარი სწორედ მათზეა. ჰოდა, ამ გარემოცვას უკავშირდებიან მაჟორიტარები და ქეშის გარდა, ბიზნესებშიწილებს სთავაზობენ იმის სანაცვლოდ, რომ მათ ივანიშვილს კარგი ინფორმაცია მიაწოდონ და 2020 წლამდემათი თავი არ გაგორდეს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი შიში არ აქვთ, არც მანდატს დატოვებენ და თუ საჭირო იქნება, ოპოზიციაშიც წავლენ, რაც არავის აწყობს», - გვეუბნება ჩვენი წყარო.
სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში საპროტესტო ტალღა უკვე აგორდა. ის აქტივი, რომელიც თავს 2012-იანელებს ეძახის და რომელიც არჩევნების მეორე ტურში ჩაერთო(შედეგად, არჩევნებში წარმატებას მთლიანად თავად იბრალებენ), უკვე სამუშაო ადგილებს ითხოვს და რაც მთავარია, ეს ადგილები არ უნდა იყოს რიგითი. ასევე, არაერთ მუნიციპალიტეტში, მერებსა თუ საკრებულოს თავმჯდომარეებს ღიად ეუბნებიან, რომ ნუ დაელოდებიან ივანიშვილის მითითებას და თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვონ. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, მერები არჩევნების შემდეგ სამსახურებში არც გამოცხადებულან და შეიძლება ითქვას, განაჩენს ელიან. დახარისხების პროცესი უკვე დაწყებულია და ახალ წლამდე, ყველას ეცოდინება, ვინ მიდის და ვინ რჩება, თუმცა...
«მე ხალხმა ამირჩია. საკუთარი არჩევნები მოვიგე პირველივე ტურში და შესაბამისად, არ ვაპირებ, თანამდებობა დავტოვო. იმ არჩევნების გამო კრედიტი გამოვიტანე ბანკიდან, რომელიც ხელფასით უნდა დავფარო და შესაბამისად, ქუჩაში დარჩენას არ ვაპირებ. ამიტომ, თუ ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი გაბედავს და მეტყვის, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით უნდა დავტოვო, უარს განვაცხადებ. შემოვიდეს აუდიტი და შეამოწმოს, მე კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია და შესაბამისად, ვერც დაჭერით შემაშინებენ», - ეს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერმა თქვა, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მის გაშვებას აპირებს. სხვათა შორის, მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად ამ მერისწინააღმდეგ კომპრომატების მოძიება უკვე დაწყებულია და არც ისეა საქმე, როგორც თავად ჰგონია, რადგანრამდენიმე სამსახურში აშკარა გადაცდომის ფაქტები უკვე აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერის კაბინეტიდან ციხის კარამდე არცთუ ისე შორი მანძილია.
პარალელურად, ივანიშვილმა შტაბის უფროსებს დეტალურად მოსთხოვა მიღებული თანხების განაწილებისა და ამ განაწილების შედეგად დამდგარი შედეგის წარდგენა. ანუ ივანიშვილს აინტერესებს, რა დაუჯდა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში თითო ხმა და რეალურად, რაში დაიხარჯა თანხები.
«საუბარი არ არის რამდენიმე ათასზე, საუბარი მილიონებზეა. არჩევნების მოსაგებად შტაბების უფროსებმა ძალიან დიდი თანხები მოითხოვეს და რაც მთავარია, ეს თანხები მიიღეს კიდეც. იმის გახსენება, რომ შტაბების უფროსებად მუნიციპალიტეტების 99%-ში მაჟორიტარი დეპუტატები, საკრებულოს თავმჯდომარეები ან მერები გვევლინებოდნენ, ადვილი მისახვედრია, ვისზე აპირებს ჯოხის გადატეხას ივანიშვილი. ასპროცენტიანი სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 80-დან 100 ათას ლარამდე გარღვევა ყველა შტაბშია, ანუ არ არსებობს ამ თანხის გაცემის დოკუმენტი გარდა იმისა, რომ ვიღაცები აწერდნენ ხელს თანხის მიღებაზე. ანუ, უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, მე, შტაბის უფროსმა, მივიყვანე ძმაკაცი, რომელმაც მოაწერა ხელი დოკუმენტზე და მიიღო ათიათასი ლარი, მაგალითად, 500 ხმის სანაცვლოდ. რეალურად, არც ეს ხმები ყოფილა და არც თანხა წასულა კონკრეტული მიმართულებით. თანხა შტაბის უფროსმა და ძმაკაცმა გაინაწილეს და 4-5 ასეთი ძმაკაცი, ბოლოს სერიოზულ კაპიტალს ურტყამს. უხეში დაანგარიშებით, ივანიშვილს არჩევნების მოგება ძალიან, ძალიან ძვირი დაუჯდა და არის რაიონები, სადაც ერთი ხმა დაახლოებით 200 ლარამდე გამოვიდა, რაც არანორმალურად დიდი ციფრია», - გვიყვება ჩვენი წყარო.
იმას, რომ თანხების მოძიების პროცესი დაწყებულია, შტაბის რამდენიმე უფროსიც ადასტურებს, მაგრამ ისინი იმასაც ამბობენ, რომ როცა ფულს აძლევდნენ, ისიც უთხრეს, მთავარია, შედეგი დადოთ და ალალი იყოსო. ახლა კი ალალი არამად იქცა და დიდი შანსია, ვიღაცებს სწორედ ამ გარღვევის გამო მოუხდეთ თანამდებობის დატოვება.
«კონკრეტულ ციფრს გეტყვით - ერთ-ერთ შტაბს მისცეს 280 ათასი ლარი, რომელზეც უთხრეს, რომ არავინ მოიკითხავდა, რაში დაიხარჯებოდა, ოღონდ უნდა დადებულიყო ღირსეული შედეგი. ამ შტაბმა 60%-ზე მეტი დადო, თუმცა ამ კაცს დაუძახეს და იმ 280 ათასი ლარის დოკუმენტაცია მოსთხოვეს. გადაამოწმეთ ალადაშვილის კლინიკაში, რომელი შტაბის უფროსი შეიყვანეს გულის შეტევით და მიხვდებით, რომ მართალი ვარ. ამ მოთხოვნის შემდეგ მას გულის შეტევა დაემართა და ძლივს გადაარჩინეს. ის ფიზიკურად ვერ მოიტანს 280 ათასი ლარის ქვითრებს და არ დაუჯერებენ მის მონაყოლს, როგორ გაანაწილა ფული. შედეგად, მას თანამდებობიდან წასვლა მოუწევს და მერწმუნეთ, სოლიდურ თანამდებობაზე მუშაობს», - გვეუბნება ჩვენი წყარო.
ფაქტი ერთია - «ქართული ოცნების» სათავო ოფისი კრაზანის ბუდეს ჰგავს და არავინ იცის, ვინ გამოვა იქიდან «დაკბენილი». გადაწყვეტილებას ივანიშვილი ახალ წლამდე მიიღებს და ვიღაცისთვის საახალწლო სუფრა პოლიტიკური ქელეხის სუფრას დაემსგავსება.
16-11-2024
16-11-2024